საფრანგეთის ქალაქ ნიცაში თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა ნოტრ-დამის ტაძარში. თავდასხმა, დაახლოებით, ერთ საათის წინ მოხდა. ქალაქის მერმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. მისივე ცნობით, დამნაშავე ყვიროდა სიტყვებს: „ალაჰუ აკბარ“, რაც არაბულიდან თარგმანით ნიშნავს: „ღმერთი დიდია“.
ერთ-ერთმა დაჭრილმა ქალმა ახლომდებარე ბარს შეაფარა თავი, სადაც მალევე გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად, მეორე ქალს კი თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. ხელისუფალთა განცხადებით, ის მარტო მოქმედებდა.
თავდამსხმელი, რომელმაც ორი ქალი და ერთი მამაკაცი მოკლა, პოლიციამ მალევე დააკავა. როგორც ცნობილია, პოლიციამ დაკავებისას დაჭრა ტერორისტი, თუმცა იგი ცოცხალია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეს საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.
მერის თქმით ქალისთვის თავის მოკვეთის ფაქტი ჰგავს იმ მეთოდს, რომლითაც ორი კვირის წინ ფრანგ მასწავლებელს გაუსწორდა მუსლიმი თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე რიგით მეორე თავდასხმაა საფრანგეთში. 16 ოქტომბერს, მოსწავლეებისათვის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების ჩვენების გამო, სკოლის მასწავლებელი, სამუელ პატი ჩეჩენი წარმოშობის მუსლიმანმა თავდამსხმელმა მოკლა ქალაქ კონფლან-სენტ-ონორინში.
პატის მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მუსლიმანები სეპარატიზმში დაადანაშაულა და დაიფიცა, რომ მუჰამედის კარიკატურებს არ აკრძალავდა. ამის შემდეგ კარიკატურები მოკლული მასწავლებლის საპატივსაცემოდ გამართულ მსვლელობებზე გამოჩნდა.
მაკრონის განცხადებებმა მუსლიმანური სამყაროს გარკვეული ნაწილის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნის მთავრობამ საფრანგეთის პრეზიდენტი ანტიისლამურ დღის წესრიგში დაადანაშაულა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა თურქებს, ბოიკოტი გამოუცხადონ საფრანგეთს და არ შეიძინონ ფრანგული პროდუქცია.