ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ ემზადება ლიბანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. აფეთქებას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით დაშავდა და 300 ათასმა კი საცხოვრებელი დაკარგა. ქვეყნის საკვები მარაგიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აფეთქებამ მარცვლეულის საწყობები გაანადგურა.
ტრაგედიას თავისი „ფეისბუკის“ გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა ფრანკლინ გრემი, მსოფლიოში ცნობილი ევანგელისტი, ორგანიზაციების „სამარტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. ის წერს: „აფეთქება სულ რამდენიმე ასეული იარდის დაშორებით მოხდა იმ ეკლესიიდან (Karantina Alliance Church), რომელიც დააფუძნა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ღირსმა სამი დაგერმა და რომლის წინამძღვარიც გახლავთ რამდენიმე ათეული წელია.
მე ვესაუბრე სამის. ეკლესიაც, მისი ბიბლიური სკოლაც და ეკლესიის ოფისიც ძალიან არის დაზიანებული. ქვეყანა და მისი მოსახლეობა განადგურებულია. ‘სამარიტელის ქისა’ დაეხმარება ეკლესიას და ასევე საზოგადოებას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ხომ არ შემომიერთდებით სამისათვის და მისი ეკლესიისათვის ლოცვაში? გთხოვთ, ასევე ილოცოთ იმ ოჯახებისათვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და მათთვისაც, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო ეს საშინელი შემთხვევა.“
„ლიბანის ისტორიაში არასოდეს ყოფილა ასეთი დრო, როცა პატარა საჩუქარიც კი ესოდენ მნიშვნელოვანია; რაც არ უნდა მოგვცეთ, დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის.“ ‒ თქვა სამი დაგერმა.
„ვფიქრობთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსახლეობას საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო მომსახურებით. ლიბანელი ხალხი აფეთქებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო გაუფასურებული ვალუტისა და პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის გამო.“ ‒ წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.