ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაცია Project Northmoor-ი ტოლკინის სახლის ყიდვას და მის ლიტერატურულ ცენტრად გადაქცევას გეგმავს, თუმცა მაღალი ფასისა და შეზღუდული დროის გამო მისი წევრები დახმარებას ითხოვენ.
სახლი უნივერსიტეტის ქალაქში, ნორტმურის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ის სახლი გახლავთ, სადაც ტოლკინი ცხოვრობდა 1930 წლიდან 1947 წლამდე. სწორედ აქ დაწერა მან თავისი ყველაზე გამორჩეული ნაშრომები: „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“.
„მსოფლიოში არსად არის ტოლკინის სახლ-მუზეუმი. ბრიტანეთში ჩვენ გვაქვს ჯეინ ოსტინის სახლი, ვორდსვორთის სახლი, შექსპირის და სხვა ცნობილ ადამიანთა სახლ-მუზეუმები, და ყოველთვის გულს მწყვეტდა ის ფაქტი, რომ არსებობდა ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ არ იყო ცნობილი.“ – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი იულია გოლდინგი.
გოლდინგი ამბობს, რომ სახლი სავსე იქნება ტოლკინის ცხოვრების ამსახველი დეტალებით, დაწყებული მისი მწერლობით და ოქსფორდში პროფესორობის წლებით და დამთავრებული მისი ღრმა კათოლიკური რწმენითა და ცნობილი მეგობრებით.
„ტოლკინი კლაივ ლუისთან ერთად იყო ლიტერატურული საზოგადოება Inklings-ის წევრი, შესაბამისად, მათ ჰქონდათ ლიტერატურული ცენტრი ოქსფორდში. ისინი რწმენით აღსავსე ადამიანები იყვნენ და სწორედ ქრისტიანული რწმენა გახლდათ მათი დიდი შთაგონება წერის პროცესში.“ – აცხადებს გოლდინგი.
Project Northmoor-ს სამი თვე აქვს იმისათვის, რომ 6 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მოაგროვოს, ვიდრე სახლი საჯარო ბაზარზე გაიყიდებოდეს.