პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით 14 წლის ქრისტიანი გოგონა უნდა დაუბრუნდეს მუსლიმან კაცს, რომელმაც იარაღის მუქარით გაიტაცა იგი პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინისას, ძალის გამოყენებით იქორწინა მასზე და მოაქცია ისლამზე.
კათოლიკე მოზარდ გოგონას მაირას შაჰბაზს, რომელიც აპრილში გაიტაცეს, უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლომ დროებით გამტაცებლის სახლის დატოვებისა და ქალთა თავშესაფარში ცხოვრების უფლება მისცა ლაჰორის უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვამდე.
მიუხედავად ამისა, მოსამართლე რაჯა მუჰამად შაჰიდ აბასმა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გოგონა უნდა დაბრუნდეს იმ კაცის სახლში, ვინც გაიტაცა იგი და ვინც სასამართლომ გოგონას „ქმრად“ მოიხსენია.
მოწმეების თქმით, მაირა ატირდა განაჩენის მოსმენისას. „ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაკისტანში არცერთი ქრისტიანი გოგონა არ არის უსაფრთხოდ“, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა და მეგობარმა ლალა რობინ დანიელმა.
მოწმეების თქმით, გამტაცებლებმა ძალით ჩასვეს გოგონა მანქანაში და ჰაერში გაისროლეს იარაღიდან. ნაკაშმა, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო მანამდე, სასამართლოში ყალბი ქორწინების მოწმობა წარადგინა, თითქოს მაირა 19 წლის იყო და თითქოს ისინი 2019 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ.
დოკუმენტში არ იყო ნაკაშის პირველი ცოლის თანხმობა, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს. მუსლიმანი საჯარო მოხელე, რომლის სახელიც არის მითითებული დოკუმენტში, უარყოფს ამ ყალბ ქორწინებასთან რაიმე კავშირს.