პაკისტანელი ქრისტიანის ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსს, ასიფ პერვაიზს ღვთის გმობისათვის სიკვდილი მიუსაჯეს. ასიფის ოჯახს ორგანიზაცია Release International ეხმარება. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება და აღწერს ქრისტიანთა დევნის შემთხვევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სიკვდილმისჯილის მეუღლე, მერილინ ასიფი, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად იძულებული გახდა, დამალულიყო. 37 წლის ასიფი 2013 წელს დააკავეს მკრეხელური შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნისათვის. მან უკვე შვიდი წელი გაატარა ციხეში, ამ წლის 8 სექტემბერს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
შეგახსენებთ, რომ ასიფის წინააღმდეგ საქმე მაშინ აღძრეს, როცა მან უარი განაცხადა მუსლიმანურ ლოცვებში მონაწილეობასა და მუსლიმანობის მიღებაზე. ასიფმა თავისი მობილური ტელეფონი დაკარგა, საიდანაც მის ზედამხედველს სამსახურში მკრეხელური შეტყობინებები გაუგზავნეს.
„პაკისტანის კანონები ღვთის გმობის შესახებ, ხშირად ცალკეულ პირთა წინააღმდეგ და ხალხის წასაქეზებლად გამოიყენება.“ – აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პოლ რობინსონი.
ასიფის საქმე საყოველთაოდ ცნობილი ასია ბიბის საქმის მსგავსია. ასია ბიბი 8 წელი ციხეში იმყოფებოდა და განაჩენს ელოდა. გათავისუფლების შემდეგ კი ის და მისი ოჯახი იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. ასიფ პერვაიზს იგივე ადვოკატი, საიფ ულ მალუკი, იცავს, რომელიც ასია ბიბის დამცველი გახლდათ. მალუკი მუსლიმანია, რომელმაც ქრისტიან ასია ბიბის გათავისუფლებისათვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.
P.S. გთხოვთ, ილოცოთ დევნილი ქრისტიანებისთვის პაკისტანში.