საიდუმლოებით მოცული უზარმაზარი ჯვრის აღმოჩენამ ჩრდილოეთ პაკისტანში ინტენსიური დებატები გამოიწვია მის წარმოშობასთან დაკავშრებით. ჯვარი ნაპოვნია ყარაყორუმის მთათა სისტემის ძირში და სავარაუდოდ, 1200 წელზე მეტხანს ითვლის. ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანობა ადრიდანვე გავრცელდა პაკისტანში ახლო აღმოსავლეთიდან.
ბალტისტანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მუჰამედ ხანის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივ მთამსვლელთა დახმარებით აღმოაჩინეს 2.1 მ. სიგრძისა და 1.8 მ. სიგანის ჯვარი ძირითადად მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთსა და ინდოეთს.
ჯვარი ყველაზე დიდია იმ ჯვრებს შორის, რომლებიც სუბკონტინენტზეა აღმოჩენილი და სამიდან ოთხ ტონამდე იწონის. „დიდება უფალს, ეს მე ძალიან მახარებს!“ ‒ ამბობს ერთ-ერთი პაკისტანელი ქრისტიანი ლიდერი. ‒ „პაკისტანში მცხოვრები ქრისტიანებისათვის დიდი გამხნევება იქნება იმის დანახვა, რომ ჩვენი რწმენა აქ ჯერ კიდევ მრავალი თაობის წინ არსებობდა, მანამდე, სანამ ისლამი მოვიდოდა.“
ბალტისტანის უნივერსიტეტი აპირებს კვლევების გაგრძელებას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივ ისტორიკოსებთან ერთად, რათა განისაზღვროს ჯვრის ზუსტი ასაკი.
დათარიღებამ უნდა დაადასტუროს ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი ჰიმალაის რეგიონში, იქ, სადაც დღეს ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ და იდევნებიან. ჯვარი ნაპოვნია სოფელ კავარდოს ახლოს, ადგილზე, რომელიც ერთ დროს სავაჭრო გზა იყო და ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებდა ერთმანეთთან.
მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ ჯვარი ტრადიციული ბუდისტური სტილისათვის დამახასიათებელი ხერხითაა გამოკვეთილი, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჯვრის გამომკვეთი ქრისტიანები ბუდიზმიდან იყვნენ მოქცეულნი ქრისტიანულ რწმენაზე. თუმცა ზოგიერთის მოსაზრებით, ჯვარი ან წინარექრისტიანული სიმბოლოა, ან უბრალოდ, ქვისგან გამოთლილი სვეტის ნაწილი.
ბიზანტიის ისტორიის ექსპერტის, ბეატრის კასოს თქმით, ჯვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალმა ვაჭრებმა გაავრცელეს ქრისტიანობა ამ მთიან რეგიონში.
„საჭიროა ნახშირბადით დათარიღების ჩატარება და ზუსტი მეცნიერული საბუთი.“ ‒ აცხადებს მუჰამედ ხანი, ბალტისტანის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი.
სოფლის მცხოვრებლებმა მკვლევრებს უთხრეს, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ ჯვრის არსებობის შესახებ, მაგრამ არასოდეს დაინტერესებულან მისი წარმომავლობის გამორკვევით და არც ხელი უხლიათ მისთვის.
„ტრადიციის მიხედვით, ქრისტიანობამ ინდოეთს ახ. წ. აღ-ის 52 წელს მიაღწია მოციქულ თომას წყალობით.“ ‒ აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი დრ. ელენა ენე-დ-ვასილესკუ, მაგრამ, მისივე თქმით, ჯვრის სიმბოლოები მანამდეც ფართოდ იყო გავრცელებული ინდუსებით დასახლებულ რეგიონში. „როგორც ვიცით, ოთხი თანაბარი მკლავის მქონე ჯვარი (სვასტიკის მსგავსი) სიცოცხლისა და წესრიგის სიმბოლოა.“ ‒ ამბობს ის.