ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში აქციის მონაწილეებმა დაწვეს ამერიკის შეერთებული შტატების დროშა და ბიბლია. ქალაქში თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ ძალადობრივი დემონსტრაციები. დემონსტრანტები არაერთხელ დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს, რომლებიც ცდილობდნენ მათ დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით; თავის მხრივ, დემონსტრანტები აქტიურად იყენებდნენ საკუთარ იარაღს: აგურებს, ფეკალურ მასას, ქლორს.
გასული პარასკევის დემონსტრაცია მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა ვითარება დაიძაბა შუაღამის შემდეგ, როცა მონაწილეებმა შეერთებული შტატების ეროვნული დროშა და ბიბლია ფედერალური სასამართლოს წინ ცეცხლის დასანთებად გამოიყენეს.
ამ კადრების ამსახველი ვიდეომასალა იან მაილს ჩიანგმა გამოაქვეყნა „ტვიტერზე“ და დაწერა: „მემარცხენე აქტივისტებმა ბიბლიები გამოიტანეს და დაწვეს პორტლენდის ფედერალური სასამართლოს წინ.“