ჩეხი მისიონერი პეტრ ჯეისეკი აღიარებს, რომ ზოგჯერ ეჭვობდა, ცოცხალი თუ გადაურჩებოდა სუდანის ისლამური რეჟიმის ტყვეობას, რომელიც ერთ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე.
მისიონერმა რამდენიმე თვე გაატარა საკანში ისლამური სახელმწიფოს ექვს წევრთან ერთად. მას სცემდნენ და აწამებდნენ, რის გამოც 52 წლის პეტრმა 24 კილოგრამზე მეტი დაიკლო. მოგვიანებით ის ჯერ ცალკე გადაიყვანეს, შემდეგ კი პატიმრებით გადავსებულ საკანში, სადაც ტუალეტიც კი არ იყო.
პირველი ხუთი თვე პეტრმა ბიბლიის გარეშე გაატარა. ის ლოცულობდა და იმედი ჰქონდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, რადგან ვერ ხედავდა, რა მიზანი ჰქონდა ღმერთს მის უსამართლო პატიმრობასთან დაკავშირებით.
თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა პეტრს ბიბლია მისცეს და სამი თვით ცალკე გამოკეტეს. ამ დროის განმავლობაში პეტრი ღვთის სიტყვას კითხულობდა გამუდმებით. როგორც იგი იხსენებს, ღმერთის განზრახვა ის იყო, რომ მისიონერს სულიერად დამშეული სუდანელი პატიმრებისათვის ექადაგა სახარება.
„ზოგჯერ ვფიქრობდი, ცოცხალი გადავურჩებოდი თუ არა პატიმრობას. შემდეგ, ერთ ღამეს 12 ერიტრეველი დევნილი მოიყვანეს ჩვენს საკანში. მოზარდები იყვნენ. ვიგრძენი, რომ სახარება უნდა მექადაგა მათთვის. ვესაუბრე ქრისტეს შესახებ, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ ვკითხე, სურდათ თუ არა საკუთარი სიცოცხლის მიძღვნა უფლისათვის. მათ ჩემთან ერთად ილოცეს. იმ ღამით არ გვძინებია, რადგან ადგილი არ იყო დასაძინებლად. მთელი ღამე იესო ქრისტეზე საუბარში გავატარეთ. დილით ისინი სხვა ციხეში გადაიყვანეს და მე ისინი აღარ მინახავს.“ ‒ ამბობს პეტრი.
თავისი ცხოვრების შესახებ ჯეისეკი დაწვრილებით მოგვითხრობს წიგნში: „Imprisoned with ISIS: Faith In the Face of Evil“ („დაპატიმრებული ისლამური სახელმწიფოს მიერ: რწმენა ბოროტების პირისპირ“).
წიგნში ის საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიზარდა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში, როგორ წავიდა სუდანში და ოთხდღიანი ვიზიტი როგორ იქცა რამდენიმეთვიან პატიმრობად.
„მე ოთხი დღით წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ ღმერთმა ეს ოთხი დღე 445 დღედ მიქცია. ესაიას წიგნში (55:8) დაწერილია: ‘რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის, ამბობს უფალი.’“
ჯეისეკი 2015 წლის დეკემბერში დააპატიმრეს, როცა ის აეროპორტში იყო და შინ გასაფრენად ემზადებოდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა დევნის შესახებ გადაიღო ვიდეო. მას ყველაფერი ჩამოართვეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
საიდუმლო პოლიცია ოთხი თვის განმავლობაში ჰკითხავდა მას მანამ, სანამ სასამართლოში საქმის მოსმენა გაიმართებოდა. პეტრს ბრალად ედებოდა ჯაშუშობა და ქვეყნის რეჟიმის დამხობის მცდელობა. ორივე ბრალდების გამო, შესაძლოა, ის სიკვდილითაც კი დაესაჯათ. საბოლოოდ, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
პირველ ციხეში ჯეისეკი ისლამური სახელმწიფოს წევრებთან ერთად იჯდა.
„ისინი უმაღლესი განათლების მქონე ექიმები, ფარმაცევტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ახალგაზრდები ჩემი შვილების ასაკისანი იყვნენ. მათ მოძრაობა შემიზღუდეს, ლაპარაკის უფლებას არ მაძლევდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რამეს არ მკითხავდნენ, მაგრამ სახარების შესახებ საუბარს მაინც ვახერხებდი პასუხების გაცემისას.“ ‒ იხსენებს ჯეისეკი.
ოთხი თვის შემდეგ პეტრი სხვა ციხეში გადაიყვანეს, სადაც ბიბლია მისცეს. ის იხსენებს, რომ სამ კვირაში თავიდან ბოლომდე წაიკითხა ბიბლია და კვლავ და კვლავ კითხულობდა: „განცვიფრებული ვიყავი, როგორ განმიმარტავდა უფალი თავის სიტყვას.“
სამთვიანი განცალკევებული პატიმრობის შემდეგ, ის კიდევ სხვა ციხეში გადაიყვანეს, სადაც სხვა ას პატიმართან ერთად მოათავსეს საკანში.
„შოკირებული ვიყავი ამ ციხის ნახვისას, რადგან გარკვეულწილად ის მართლაც უნიკალური გახლდათ. იქ ბევრი მეჩეთი იყო მუსლიმანი პატიმრებისათვის, ხოლო არამუსლიმანთათვის საკნები პატარა ტაძრებად იყო ქცეული ციხის უფროსების მიერ. გავოცდი, როცა პირველივე დღეს მათ სამლოცველოში მიმიწვიეს. 6 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ხან ორჯერაც, ვუქადაგებდი უიმედო და სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებზეც დიდ გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვის მოსმენა.“
ჯეისეკი და კიდევ ორი სუდანელი ხუცესი ქადაგებდნენ ციხეში მოწყობილ სამლოცველოში. მისიონერი ამბობს, რომ ეს 6 თვე საუკეთესო იყო ციხეში გატარებული თვეებიდან. მან დაკლებული 24 კილოგრამის მომატებაც შეძლო.