ორგანიზაცია Open Doors-ის ინფორმაციით, მიანმარში ცოტა ხნის წინ მომხდარი სამხედრო გადატრიალება „საშინელი ამბავია“ ქვეყანაში მცხოვრები ისედაც შევიწროებული ქრისტიანებისათვის. ორგანიზაციისავე განცხადებით, სამხედროები „სისტემატურად დევნიან ქრისტიანებს“ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში და მოსალოდნელია დევნის კიდევ უფრო გამკაცრება.
მიანმარში ამჟამად, დაახლოებით, 4.4 მლნ ქრისტიანი ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა განსაკუთრებით მათ შეუქმნა სირთულეები. 1-ელ თებერვალს მომხდარი გადატრიალების შედეგად, ძალაუფლება გადავიდა მიანმარის არმიის გენერლის, მინ აუნ ჰლაინის ხელში, რომელმაც ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიანმარის სამხედროები ცნობილნი არიან თავიანთი სისასტიკით, რომელიც მათ რაკჰაინის შტატში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმანებისადმი გამოიჩინეს. მათ ასევე ბრალად ედებოდათ ჩრდილოეთ კაჩინის შტატში მცხოვრები ქრისტიანების გენოციდი.
ორგანიზაცია Open Doors-ის ადგილობრივი პარტნიორი ძმა ლვინის თქმით, სამხედრო მმართველობა ხელს შეუწყობს გაბატონებული რელიგიის – ბუდიზმის – კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
„ველოდებით, რომ ეკლესიას კიდევ დაუწესებენ შეზღუდვებს, თუმცა ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ამ შეზღუდვების ფორმა.“ – ამბობს ლვინი.
ბუდისტური ნაციონალიზმი მუსლიმანებსა და ქრისტიანებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევს. ამის გამო, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი უკვე გაიქცა ქვეყნიდან. მათგან ბევრმა მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა თავი და დასახლდა კოკს-ბაზარში, რომელიც მსოფლიოში დევნილებისათვის განკუთვნილი ყველაზე დიდი თავშესაფარია.
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სამხედროებმა კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება (სატელეფონო და ინტერნეტი) ჩაჭრეს, რის გამოც თითქმის შეუძლებელია თავად ქვეყნის შიგნით კონტაქტის დამყარება. გარდა ამისა, შეუძლებელი იქნება იმ ფინანსური დახმარების მიღება, რომელსაც ეკლესია იღებდა უცხოეთიდან, რადგან ბანკებიც იხურება ქვეყანაში.
„ეს გარდამტეხი მომენტია მიანმარის მომავლისათვის. ეს ყველაზე მეტად აისახება ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე.“ – აცხადებს ჯულია ბიკნელი, Open Doors-ის World Watch List-ის ანალიტიკოსი.