ნიუ-იორკის შტატში მდებარე ფორტ დრამის სამხედრო ნაწილის ორმა კაპელანმა მარტსა და აპრილში „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ოთხი გამამხნევებელი ვიდეო, რომლებიც წაშალეს ერთ-ერთი ჯგუფის საჩივრისა და იმ ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ის არმიაში ქრისტიანული რწმენის ყოველგვარ გამოხატულებას.
მაიკი ვაინსტაინმა, ორგანიზაცია „სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდის“ (Military Religious Freedom Foundation) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გამოსცა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ აშშ-ის არმიის მე-10 სამთო-ქვეითი დივიზიის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბრიგადას მისწერა მოთხოვნის წერილი. წერილში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციამ მიიღო რვა საჩივარი კაპელან მაიორ სკოტ ინგრემისა და კაპელან ემი სმიტის მიერ გამოქვეყნებულ ოთხ ვიდეოსთან დაკავშირებით. თითოეულმა კაპელანმა ორ-ორი ვიდეო ჩაწერა და გამოაქვეყნა ბრიგადის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.
ვაინსტაინმა განცხადება გამოქვეყნა „ტვიტერზეც“, სადაც ის მადლობას უხდის „არმიის უფროს ხელმძღვანელობას ამ კანონსაწინააღმდეგო პროზელიტური ვიდეოების დროულად წაშლისათვის.“
ვაინსტაინის თქმით, მსგავსი ვიდეომიმართვები უნდა ქვეყნდებოდეს არა სამხედრო ნაწილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, არამედ ფორტ დრამის სამლოცველოს „ფეისბუკის“ გვერდზე.
კაპელანები ვიდეომიმართვების მეშვეობით ამხნევებდნენ ჯარისკაცებს და მოუწოდებდნენ, ღმერთს მინდობოდნენ ამ რთულ დროს.
„ცვლილებები არასოდეს არის ადვილი, მაგრამ შეგვიძლია, წინ წავიდეთ ღმერთის მიერ მონიჭებული ზებუნებრივი ძალის დახმარებით და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მიტოვებულნი არ ვართ.“ ‒ ამბობდა ინგრემი ერთ-ერთ ვიდეოში.
მეორე ვიდეოში კი ის საუბრობდა იოანე მოციქულის 1-ელ წერილზე დაყრდნობით (I იოანე 4:18-19) იმის შესახებ, რომ სიყვარულს აქვს ძალა შიშის განდევნისა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვაინსტაინმა გააპროტესტა არმიაში ქრისტიანული რწმენის გამოხატვა.
2016 წელს მან აიძულა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, გამოეძიებინა რამდენიმე კაპელანის საქმე, რადგან, მისი განცხადებით, მათ დაარღვიეს ფედერალური კანონები იმით, რომ რელიგიური თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჯაროდ ილოცეს ოფიციალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილებმა.