„ომის საშინელებათა მიუხედავად, უკრაინაში სასწაულები ხდება“, – ამბობს უკრაინის ბიბლიური საზოგადოების გენერალური მდივანი. ანატოლი რაიჩინეცის თქმით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს ქრისტეს რწმენას, რათა ამ სიბნელეში სინათლე იპოვონ. მისივე თქმით, ღმერთის ძალა იცავს მათ უარესი ნგრევისგან.
ანატოლი ამბობს, რომ აფეთქებები იმდენად ძლიერია, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ბიბლიური საზოგადოების შენობა ირყევა:
„ატმოსფერო დაძაბულია და მტკივნეულია ამ ყოველივეს ყურება. ყოველდღე ქალები და ბავშვები გამორბიან შენობიდან და სარდაფებს ეძებენ თავის შესაფარებლად. ბევრ ადამიანს სამი-ოთხი დღე არაფერი უჭამია. ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს ჩემი ოფისის გარშემო არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში. მათ გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ ავადმყოფობის გამო და ელოდებიან, როდის მოხდება სასწაული და ვინმე მიაკითხავს. ისინი ‘ანგელოზებს’ გვიწოდებენ, როცა წამლები და პური მიგვაქვს.“
რისკის მიუხედავად, რაიჩინეცი და მისი გუნდი პურისა და სამედიცინო საშუალებების გარდა, ბიბლიებსა და ქრისტიანულ ლიტერატურასაც ურიგებენ ადგილობრივებს.
ანატოლი ამბობს, რომ მანქანაში ყოველთვის აქვს ბიბლიები და ბევრი ადამიანი თავად სთხოვს მათ. ის იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა 80-90 ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა მათგანმა ითხოვა ბიბლია. ერთ-ერთი ხანდაზმული მამაკაცი იდგა მათ შორის, რომელსაც ერთ ხელში ბიბლია ეჭირა, მეორეში – პური. მან თქვა: „ვფიქრობ, ბიბლია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პური. ჩემთვის ასეა ახლა. არადა აქამდე არასოდეს მილოცია. არასოდეს ვყოფილვარ ეკლესიაში“.
„უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კიევში ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ბიბლია, არასოდეს ულოციათ, მაგრამ ახლა პირდაპირ გვთხოვენ – ვილოცოთ მათთვის ქუჩაში, სახლებში, ყველგან. ადამიანები ეძებენ რწმენას, რადგან იციან, რომ სასწაული უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე დიპლომატიურ ან სხვა სახის გამოსავალს, ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია მდგომარეობის შეცვლა და ამ საშინელი ომის დასრულება.“
ანატოლი რაიჩინეცი ამოწმებს ღმერთის სასწაულების შესახებ და Premier-თან საუბრისას ამბობს:
„პირადად მე ბევრი სასწაულის მომსწრე გავხდი უკანასკნელი 16 დღის განმავლობაში: როცა ბომბები ან რაკეტები ცვიოდა, მაგრამ არ ფეთქდებოდა. შედეგად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. რუს ჯარისკაცებს საკუთარი ტანკები მიუტოვებიათ საწვავის არარსებობის გამო და გაქცეულან. ოდესაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ოთხი დღის განმავლობაში ქარიშხალი იყო და გემები ვერ უახლოვდებოდნენ ქალაქს, რათა რაკეტები ესროლათ. ლოცვებს უკვე მოაქვს შედეგი.“
ხუცესი ანატოლის თქმით, ძალიან რთულია ამდენი ტკივილისა და ტანჯვის ყურება:
„ვიხსენებ იოანეს სახარების პირველ თავს, სადაც დაწერილია, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. სიბნელე ვერასოდეს დაამარცხებს სინათლეს. ჩვენ სინათლე მიგვაქვს ადამიანებთან და ვიცი, რომ უფრო და უფრო მეტი სინათლე უნდა გავავრცელოთ ამ საშინელ სიბნელეში. ეს რთული სიტუაცია უკვე ცვლის ჩვენს ხალხს და ცვლის ცხოვრებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას. ადამიანები ერთმანეთს გვერდით უდგანან, ერთმანეთს ეხმარებიან. ხალხს ღმერთისადმი სიყვარული ამოძრავებს. ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან უკრაინა გამოვა, როგორც ნამდვილი ქრისტიანი ერი, რომელსაც სწამს ღმერთის. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მხოლოდ ღმერთის სასწაულს ძალუძს ამ ომის დასრულება უკრაინაში.“