აშშ-ის სენატში ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, სენატორთა უმრავლესობამ დაადასტურა და კვლავ ძალაში დატოვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება.
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს დარჩენასთან დაკავშირებით საკითხი დააყენეს რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯიმ ინჰოუფმა და ბილ ჰაგერტიმ. საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა: 97 სენატორი 3-ის წინააღდეგ და სენატის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩო კვლავ იერუსალიმში დარჩება.
მოწინააღმდეგე სენატორთა შორის იყო ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბერნი სანდერსი, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „რეაქციონისტი რასისტი“ უწოდა.
ექსპერტების თქმით, საელჩოს გადატანა იერუსალიმში განამტკიცებს ისრაელის პრეტენზიას იერუსალიმზე, როგორც ქვეყნის დედაქალაქზე. მუსლიმანური ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით კი პალესტინისათვის, აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში არსებობა სრულიად მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეზიდენტი უჭერდა მხარს ისრაელის სახელმწიფოებრიობას, განსაკუთრებით ყოფილმა პრეზიდენტებმა, ბუშმა უმცროსმა და ტრამპმა, გამოხატეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვა.