წერილი, რომელიც ტიტანიკზე მყოფმა შოტლანდიელმა ბაპტისტმა ხუცესმა, ჯონ ჰარპერმა დაწერა, სავარაუდოდ, 67 ათას დოლარად გაიყიდება აუქციონზე Henry Aldridge & Son LTD-ის მიერ. Საწყისი ფასია 38 850 დოლარი გახლავთ.
ჯონ ჰარპერი 39 წლის დაქვრივებული ღვთისმსახური გახლდათ. იგი ლონდონში არსებული უოლტვორტის ბაპტისტური ეკლესიის ხუცესი იყო. ჰარპერი ლონდონიდან ჩიკაგოში მიემგზავრებოდა თავისი 6 წლის ქალიშვილსა და დასთან ერთად იმისათვის, რომ ჩიკაგოში მუდის ეკლესიაში ექადაგა. წერილში ჰარპერი ეკლესია Paisley Road Baptist Church-ის ხუცესს, იანგს სწერდა და მადლობას უხდიდა დახმარებისათვის.
„ჩემო ძვირფასო ძმაო იანგ, ქუინსტოუნში მისვლამდე, გწერთ ამ სტრიქონებს, რათა დაგარწმუნოთ, რომ არ დამვიწყებიხართ, განსაკუთრებით, თქვენი სიკეთე არ დამვიწყებია, რომელიც ჩრდილოეთში ყოფნისას გამიკეთეთ. გამგზავრებამდე ვაპირებდი მისის პრეტის მატარებლის ხარჯების გამოგზავნას, მაგრამ სიჩქარეში, როცა შაბათ-კვირას 11 ან 12 ღვთისმსახურება გაქვს ჩასატარებელი, ვეღარ მოვახერხე. ჩიკაგოდან გამოგიგზავნით“, ვკითხულობთ წერილში.
წერილი თარიღდება 1912 წლის 11 აპრილით, სამი დღით ადრე, ვიდრე ცნობილი გემი აისბერგს შეეჯახებოდა და ჩაიძირებოდა. წერილი გაგზავნილია ირლანდიიდან, ქუინსტოუნიდან. ჯონ ჰარპერის ქალიშვილი და და მაშველ ნავში ჩასხდნენ და გადარჩნენ. ჰარპერმა კი თავისი ადგილი ნავში სხვას დაუთმო, თავად კი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჯერ გემზე, შემდეგ კი უკვე გაყინულ წყალში უქადაგებდა სახარებას ირგვლივ მყოფ ადამიანებს.