ნოემბრის ბოლოს უგანდაში რადიკალმა მუსლიმანებმა ხუცესი და ორი მცირეწლოვანი ქრისტიანი ბიჭი მოკლეს.
ყოფილ მუსლიმან მასწავლებელს, ემანუელ ჰამუზას თავისი მუსლიმანი ნათესავები დაუპირისპირდნენ. ეს 23 ნოემბერს მოხდა. ნათესავებმა ემანუელს მოსთხოვეს ქრისტიანული რწმენის უარყოფა, რაზეც მისგან უარი მიიღეს. ამის საპასუხოდ კი ემანუელს სახლის გარეთ, ქიბუქუს უბანში თავს დაესხნენ თავისი ძმები, დები და ბიძა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Morning Star News-ის ჟურნალისტი იუწყება.
ოჯახის ხუთმა წევრმა ემანუელს წიხლი ამოარტყა და თანაც შეაგონა იგი ამ სიტყვებით: „შენ უნდა უარყო ქრისტიანული რწმენა, რადგან ეს რწმენა ჩვენი ოჯახის შემარცხვენელია.“
„მე უარი განვაცხადე მათ მოთხოვნაზე, მათ კი ჩემთან ბრძოლა დაიწყეს წიხლებითა და მუშტებით. ვცდილობდი, თავი დამეცვა, როდესაც სხვა თავდამსხმელები ფეხით შესდგნენ ჩემს შვილს კისერზე და ახრჩობდნენ მას.“ – თქვა ჰამუზამ.
ჰამუზას ექვსი წლის ვაჟი სამედიცინო დახმარების მიღებამდე გარდაიცვალა. შემზარავი ინციდენტის შესახებ კი პოლიციას არ შეატყობინეს დამნაშავეების მხრიდან მომავალი თავდასხმების შიშის გამო.
მსგავსი შემთხვევა მოხდა ამავე დღეებში უგანდის ქალაქ კაბალშიც. ეკლესიის ხუცესი ვილსონ ნივამანია თავის 12 წლის ვაჟთან და ქრისტიან თანამშრომელთან ერთად 21 ნოემბერს სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მათ მუსლიმანი ექსტრემისტები მიუახლოვდნენ. ვილსონის თანამშრომლის თქმით, ექსტრემისტები შეიარაღებულნი იყვნენ ბლაგვი საგნებითა და სომალური ხმლით.
„თავდამსხმელებმა დაიწყეს ხუცესის ცემა ბლაგვი საგნებით, შემდეგ კი ხმალი გამოიყენეს და ხუცესის შვილს მუცელში ჩაარტყეს. ბიჭი გარდაიცვალა, სანამ მე და ხუცესი თავდამსხმელებს ვებრძოდით.“ – განაცხადა თანამშრომელმა Morning Star News-თან.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ხუცესი ნივამანია კი გადაიყვანეს კისოროს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა თავის არეში მიღებული სერიოზული დაზიანებების გამო ხუცესი 24 ნოემბერს გარდაიცვალა.
ნივამანიას ცოლის თქმით, მისი მეუღლე მუსლიმანებისგან იღებდა მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს, ერთი შეტყობინება კი ზუსტად სიკვდილის წინ მიიღო. ტექსტში ნათქვამი იყო: „გთხოვთ, შეწყვიტოთ ხალხისთვის ისლამის შეურაცხმყოფელი წიგნების მიცემა და თუ ამ წიგნების მიცემას ისევ გააგრძელებთ, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.“
„მუსლიმანები მას ადანაშაულებდნენ ბიბლიისა და ზოგიერთი ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელებაში, რომლებიც განიხილავენ ზოგიერთ მცდარ წარმოდგენას ისლამურ რწმენაში.“ – ამბობს ვილსონის მეუღლე.
უნდა აღინიშნოს, რომ უგანდაში ხშირია თავდასხმები ქრისტიანებზე მიუხედავად იმისა, რომ უგანდის კონსტიტუციის მიხედვით, დაშვებულია რელიგიის თავისუფლება, მათ შორის, საკუთარი რწმენის პროპაგანდა და ერთი რწმენიდან მეორეზე მოქცევა.
CBN News-ის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალმა მუსლიმანმა ქალმა 13 წლის ქრისტიანი გოგონა და მისი 11 წლის ძმა გაიტაცა და მიჰყიდა შამანს რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის. CBN-ის ცნობით, უგანდაში, დაახლოებით, 3 მილიონი შამანია. ასობით უგანდელ ბავშვს კი იტაცებენ და კლავენ, რადგან ეს ადამიანის მსხვერპლშეწირვის წარმატებული ბიზნესის ნაწილია.
ცნობილია, რომ უგანდელი ექიმბაშები ცხოველის მსხვერპლად შეწირვისთვის 400 აშშ დოლარს ითხოვენ, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ღირებულება კი ამ თანხას ბევრად აღემატება. წლიდან წლამდე იზრდება მშობლების მიერ შვილების გაყიდვის შემთხვევებიც. უგანდელი ე. წ. მკურნალი შამანები საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ. მათ ჰყავთ პირადი მცველები და თვითონაც შეიარაღებულები არიან. ხალხი მათ ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის და რიტუალების ჩასატარებლად, ხშირად საკუთარ შვილებსაც კი სთავაზობს. ცრურწმენის თანახმად, თუ ახალი შენობის საძირკველში ბავშვის მოკვეთილ თავს დამარხავენ, ეს დაწყებულ საქმეს წარმატებას მოუტანს. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები უგანდელ შამანებთან მიდიან და საკუთარი ოჯახიდან ან ქუჩიდან მოტაცებული ბავშვის მსხვერპლად შეწირვაზე თანხმდებიან.
ბავშვების მსხვერპლად შეწირვა უგანდაში იმდენად სერიოზული და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომ უგანდის მთავრობამ ბავშვთა მსხვერპლშეწირვისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ჯგუფიც კი შექმნა.
შეგახსენებთ, რომ უგანდა აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 40% პროცენტი კათოლიკე ქრისტიანია, ანგლიკანები შეადგენენ 32%-ს, სხვა პროტესტანტული დენომინაციები – 13%-ს, ხოლო მუსლიმანები – 12%-ს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს აქტიურად დევნიან ისლამისტები.