მახარებელი ფრანკლინ გრემი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება სოციალისტურ ქვეყნად ქცევის საფრთხე, თუ ამერიკელები ნოემბერში გამართულ არჩევნებზე იმ ლიდერებს არ მისცემენ ხმას, რომლებსაც „უყვართ ეს ქვეყანა და იცავენ კონსტიტუციას და კანონს.“
გრემმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული კანდიდატები თუ პოლიტიკური პარტიები არ უხსენებია, მისი კომენტარები შეესაბამებოდა იმ კრიტიკას, რომელიც გრემმა დემოკრატიული პარტიის მიმართ გამოთქვა.
„ამერიკის ქალაქებში გამეფებულ ქაოსს აკონტროლებს ლიბერალური, სოციალიზმისკენ მიმართული ხელმძღვანელობა, რაც დიდ შეშფოთებას უნდა იწვევდეს ჩვენში. თუ ასეთი ხელმძღვანელობა გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში, კიდევ უფრო მეტი ქაოსის მოწმენი გავხდებით, რაც დაღუპვის გზაზე დააყენებს ჩვენს ერს.“ ‒ წერს გრემი „ტვიტერზე“.
ამის შემდეგ ფრანკლინ გრემი გასულ კვირას პორტლენდში მომხდარ ამბავს გამოეხმაურა და თქვა, რომ სოციალიზმი საშიშია: „პორტლენდი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს სხვა ქალაქებშიც, თუ ამერიკელები არ დაიცავენ ერს ხმის მიცემის საშუალებით.“
„მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, ილოცოს და მისცეს ხმა არჩევნებში. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ახალი ამბებისათვის თვალყურის დევნებით და ნუ იქნებით დეპრესიაში! დაიცავით ამერიკა! მიეცით ხმა იმ ლიდერებს, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და იცავენ კონსტიტუციას და კანონს! და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ილოცეთ!“ ‒ დაამატა გრემმა.
მოგვიანებით ისევ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გრემი შეეხო ჯეკ ბრუერის, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის პროფესიონალი მოთამაშისა და ფორდჰემის უნივერსიტეტის გაბელის ბიზნესის სკოლის პროფესორის ინტერვიუს, რომელიც მან საინფორმაციო პორტალ „Fox News“-ს მისცა. ბრუერმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა უნდა მიმართონ პროტესტის არაძალადობრივ მეთოდს და ამაში მიჰბაძონ ჯონ ლუისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრს, რომელიც მარტინ ლუთერ კინგთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
„იმ ადამიანებს ჰქონდათ ბიბლიები“, ‒ თქვა ბრუერმა 1960-იანი წლების სამოქალაქო უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებზე. „დემონსტრაციებში მონაწილე ქალები და მამაკაცები ადიდებდნენ ქრისტეს და ლოცულობდნენ საკუთარი მტრებისათვის, უყვარდათ საკუთარი მტრები და როცა ვინმე წყევლიდა მათ, სიყვარულით პასუხობდნენ. სწორედ ეს უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ერს.“ ‒ წერს გრემი.