ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აზიანებენ ან აგდებენ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება.
5 ივლისს აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
არეულობა იყო გასულ შაბათ-კვირასაც, როდესაც ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ. მხოლოდ ორ დღეში 17 ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. ამერიკელი ხუცესი და ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის” დამფუძნებელი ფრანკლინ გრემი შექმნილ სიტუაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მხოლოდ ჩიკაგოში 87 ადამიანს ესროლეს გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელთაგან 17 გარდაიცვალა, მათ შორის, 7 წლის გოგონაც. ეს უბრალოდ თავზარდამცემია. შაბათ-კვირა დასვენების დღეები უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრისათვის მწუხარების დღეებად იქცა. ქვეყნის მასშტაბით კი ბევრი ახალი ამბავი ძალადობას შეეხებოდა.
ატლანტაშიც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. 8 წლის სეკორია ტერნერს ესროლეს და მოკლეს, როცა ის დედასთან ერთად ავტომობილში იჯდა. მოხარული ვარ, რომ ატლანტის მერი კეიშა ლენს ბოტომსი სათანადოდ აფასებს მომხდარს და ამბობს, რომ პროტესტის ტალღის ზრდა უფრო მეტ ძალადობას იწვევს.
ილოცეთ მერებისა და გუბერნატორებისათვის, რომლებსაც უკანონობის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. არ უნდა დავუშვათ, რომ ასე გაგრძელდეს. ბიბლია გვეუბნება: ‘ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?’ (იერემია 17:9).
ასევე ილოცეთ ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებისათვის, მათ შორის, ამ ორი პატარა გოგონას ოჯახებისთვის.” – წერს გრემი საკუთარ ფეისბუკგვერდზე.