„ჩვენი ქვეყნისათვის ყოველთვის საჭირო იყო ის, რომ ქრისტიანებს მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ლიდერების არჩევაში. ეს ჩვენ უკეთესს გვხდის.“ – წერს აშშ-ის ევანგელისტი ხუცესი და ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ფრანკლინ გრემი საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“ არჩევნებთან დაკავშირებით.
ხუცესი გრემი მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქის კეთილდღეობას უწყობს ხელს ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ რომელი ლიდერები ემხრობიან სიცოცხლის უფლებას, სიტყვის, აზრისა და რელიგიის თავისუფლებას, ოჯახს, უსაფრთხო და მოწესრიგებულ საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას, განათლების არჩევანსა და ზნეობრიობას. ამიტომ იგი მოუწოდებს ადამიანებს, რომ პირად სიმპათიებზე მეტად, ყურადღება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილონ არჩევანის გაკეთებისას.
„ერთი რამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს: ადმინისტრაცია მხოლოდ პრეზიდენტი არ არის; ათასობით სხვა ადამიანია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ეხება ყოველდღიურად.“ – ამბობს გრემი.
გრემი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ღვთის სიტყვის თვალთახედვიდან გამომდინარე შეხედონ საარჩევნო პროგრამებს და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამხელა ძალაუფლება აქვთ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს და იმაზეც, არიან თუ არა ეს ადამიანები ქრისტიანულ ფასეულობათა და შეხედულებათა მქონენი.
ფრანკლინ გრემის ინიციატივით, 25 ოქტომბერი ქვეყანაში ლოცვისა და მარხვის დღე გახლდათ სწორედ მოახლოებული არჩევნების გამო. გრემი ხშირად წერს საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე, რომ ქრისტიანებმა უნდა იშუამდგომლონ თავიანთი ქვეყნისა და მთავრობისთვის, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გააცნობიერონ, რომ ღმერთია ის, ვინც უპირველეს ყოვლისა მათ ქვეყანას სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.