ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტი და ცნობილი ევანგელისტი მქადაგებელი ფრანკლინ გრემი 27 მარტს უკრაინაში ჩავიდა საკუთარი გუნდის მოსანახულებლად. „სამარიტელის ქისას“ უკრაინაში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი აქვს მოწყობილი და 160 ადამიანი ჰყავს გაგზავნილი ომისგან დაზარალებულთა დასახმარებლად. უკრაინაში რამდენიმედღიანი მოგზაურობის შემდეგ გრემი აშშ-ში დაბრუნდა.
31 მარტს მქადაგებელმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს და ვნების კვირეულში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა:
„ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა იმ ადამიანების დაკარგვამ, რომლებიც 24 თებერვლიდან უკრაინაში მიმდინარე ომს შეეწირნენ. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი უკრაინიდან, სადაც Samaritan’s Purse-ის და Billy Graham Evangelistic Association-ის ჯგუფები მუშაობენ დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს არის ადამიანთა მიერ გამოწვეული კატასტროფა, ისტორიული და ჰუმანიტარული კრიზისი და მჯერა, რომ ღმერთია ერთადერთი გამოსავალი.
მოვუწოდებ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში, ილოცონ, რომ ღმერთი შეეხოს ლიდერების გულებს, რომ დასრულდეს კონფლიქტი და დამყარდეს მშვიდობა. მე მივწერე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 15-დან 24 აპრილამდე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, რაც მოიცავს წინასააღდგომო პერიოდს. მოვუწოდებ უკრაინის, რუსეთის და მთელი მსოფლიოს ეკლესიებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს ლოცვას იმ ათი დღის განმავლობაში. დაე, თავმდაბლად გავერთიანდეთ მეფეთა მეფისა და უფალთა უფლის, მშვიდობის მთავრის წინაშე, რათა ვთხოვოთ მას შემწეობა და წყალობა.
ვიღაცამ მკითხა, რატომ მოვითხოვე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ 10 დღით. თუ მათ შეუძლიათ, შეწყვიტონ ბრძოლა ერთი კვირით ან 10 დღით, შეძლებენ – ორი კვირითაც შეწყვიტონ ბრძოლა. ორი კვირით თუ გაჩერდებიან, შეიძლება ერთი თვითაც გაჩერდნენ. ერთი თვით თუ გაჩერდებიან, იქნებ სამუდამოდ გაჩერდნენ. საიდანღაც უნდა დაიწყოს.
ვლოცულობ, რომ ეს საშინელი ომი კიდევ უფრო ადრე დასრულდეს – თუნდაც დღეს! მაგრამ თუ არა, შესაძლოა, ეს საწყისი წერტილი იყოს. შემომიერთდებით ამ ლოცვაში?“