22 ივლისს „მოწყალების სახლის“ ხელმძღვანელი მოხალისე ქრისტიანი ალექსი კუჩაპინი, გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს კიევში. ალექსეი უსახლკაროებს ეხმარებოდა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მას არაერთხელ დამუქრებიან. 16 ივლისს ალექსეი კუჩაპინმა ნათესავებს შეატყობინა, რომ დნეპროპეტროვსკში მიდიოდა რაღაც საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა, წაიშალა მისი ანგარიშები მოხალისეთა დახურულ ჯგუფებში.
22 ივლისს ალექსეის სხეული კიევში დაქირავებულ ბინაში იპოვეს. პოლიციის ვერსიით ეს „ბუნებრივი სიკვდილია“, თუმცა ალექსეის კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს. დაღუპულის თანამშრომელი, დეკანოზი ზაქარია კერსტიუკი ამბობს, რომ კუჩაპინის სიკვდილთან შეიძლება ის ადამიანები იყვნენ დაკავშირებულნი, რომლებიც მათხოვრების საქმიანობას უწევენ ორგანიზებას, რადგან სწორედ ისინი ემუქრებოდნენ ალექსეის. თავისი ფეისბუკის გვერდზე ის წერს: „მათ განახორციელეს საკუთარი მუქარა და ნელ-ნელა დაიწყეს მათი მოშორება, ვინც (მათი აზრით) ვითარების დესტაბილიზაციას ახდენდა მათ მიერ დამონებულ ადამიანთა შორის“.
ალექსეის მეგობარი, ალექსანდრე ჩეკმენევი ამბობს, რომ ალექსეი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომლის „მსგავსებსაც იშვითად შეხვდებით. მე მასთან თითქმის სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ მას უფლისადმი ურყევი რწმენა ჰქონდა და არ შეეძლო ამ რწმენისათვის ეღალატა“.
ვებგვერდი Всеукраїнський Собор ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო ხანების განმავლობაში ალექსეი აქტიურად იძიებდა ბავშვთა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმეებს და ცდილობდა მონობიდან ეხსნა ობოლი გოგონები. ის ასევე ეხმარებოდა უსახლკაროებს და ცდილობდა მოხუცი ბებიებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის დაებრუნებინა წართმეული ბინები. ალექსეი კუჩაპინს დამთავრებული ჰქონდა ოდესის თეოლოგიური სემინარია და გახლდათ ოდესის ევანგელისტური ქრისტიანული ეკლესიის («Возрождение») წევრი.
სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ალექსეი კუჩაპინს გოგონა შეეძინა.