შრი-ლანკაში არსებული ერთ-ერთი ეკლესიის ხუცესი აიძულეს, დაეხურა ეკლესია და დაესრულებინა მსახურებრივი საქმიანობა, პოლიციის მიერ დაკავებისა და ბუდისტი ბერების მიერ მისი დამუქრების შემდეგ.
„ბარნაბას ფონდმა“ ადგილობრივი წყაროებიდან შეიტყო, რომ ხუცესმა მსახურება 5-წლიანი დაჟინებული მუქარის შემდეგ ახლა შეწყვიტა, რადგანაც პოლიციისგან საფრთხე მხოლოდ მას კი არა, უკვე მის მრევლსაც დაემუქრა.
18 ოქტომბერს პოლიცია მივიდა ხუცეს დანიელის სახლში, შრი-ლანკის პოლონარუვას რაიონის ქალაქ ბაკამუნაში. მათ ხუცესს უბრძანეს, დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლებმა ამის შემდეგ ის ოფისში წაიყვანეს, რომელიც სავსე იყო ბუდისტი ბერებით.
შრი-ლანკის მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტია.
ბოლო წლებში შესამჩნევად გახშირდა ქრისტიანებზე თავდასხმა, რომელსაც ხშირად თავად ბუდისტი ბერები ხელმძღვანელობენ, ან სხვებს აქეზებენ ამისკენ. მსგავს თავდასხმათა სამიზნე, განსაკუთრებით, ბუდიზმიდან ქრისტიანობაზე მოქცეულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები რელიგიური მიზეზით იდევნებიან, ეს მაინც ეროვნულობასთან დაკავშირებული საკითხი გახლავთ, რადგან უამრავ შრი-ლანკელს მიაჩნია, რომ ქრისტიანობაზე გადასვლა ტრადიციების ღალატია.
„ჩვენი და-ძმების რწმენა სტიმულს გვაძლევს ჩვენც. ისინი ქრისტეს გულისთვის იტანენ ამ ტანჯვას. ამიტომ უნდა ვილოცოთ მათთვის და საკუთარი გულები გამოვიკვლიოთ. თუ მოწოდებულნი ვართ საამისოდ, უნდა ვინარჩუნებდეთ კიდეც ჩვენს რწმენას.“ – აცხადებს „ბარნაბას ფონდის“ საერთაშორისო აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტორმ ჰენდრიკი.
Open doors-ის მონაცემებით, შრი-ლანკა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანები სასტიკად იდევნებიან, რიგით 30-ე ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანები მოსახლეობის 8%-ს შეადგენენ და შევიწროებულნი არიან როგორც ბუდისტების, ასევე უმცირესობაში მყოფი მუსლიმანებისგან. ისინი როგორც სოციალური, ისე ძალადობრივი გზებით არიან შევიწროებულნი.