ჩინეთის ქრისტიანული საბჭო და ორგანიზაცია Three-Self Patriotic Movement (TSPM), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ქრისტიანული ორგანიზაციაა ჩინეთში, განაგებს ონლაინწიგნების მაღაზიას, ჩინეთის სოციალური ქსელის, WeChat-ის მეშვეობით. ახალი რეგულაციების გამო, ინტერნეტცენზურის თავიდან ასაცილებლად, სიტყვები „ქრისტე“, „იესო“ და „ბიბლია“ ჩაანაცვლეს ინიციალებით: „JD, YS, SJ“, ხოლო სიტყვები „ღმერთი“ და „უფალი“ ლურჯი კვადრატებით დაფარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ოფიციალურად დადასტურებულნი არიან სახელმწიფოს მიერ, მათ მაინც ეკრძალებათ ქრისტიანული მასალების გაყიდვა-გავრცელება. ოქტომბრის დასაწყისში, ონლაინწიგნების მაღაზიის დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთით დაემუქრნენ ქრისტიანული მასალების გავრცელებისთვის.
China Aid-ის მიხედვით, წიგნების მაღაზია „თიანფენგშუიუანსაც“ მოუწია, განეახლებინა ყველა იმ წიგნის ყდა, რომელიც ოდნავ მაინც იყო კავშირში ქრისტიანობასთან.
ქრისტიანული სიტყვების ჩასანაცვლებლად ისინიც ჩინური ტრანსკრიფციის სისტემას იყენებენ. მაგალითად, „ქრისტეს“ ანაცვლებენ ინიციალებით „JD“, რადგან ჩინურად „ქრისტე“ წარმოითქმის, როგორც „ji du“.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გაყალბებული ბიბლიური ისტორია გამოქვეყნდა კომუნისტურ სასკოლო სახელმძღვანელოში, ჩინეთში. ისტორია იოანეს სახარებაში, მე-8 თავში აღწერილ, მრუშ დედაკაცს ეხება. სახელმძღვანელოში წერია, რომ იესომ მრუშობაზე წასწრებული ქალი ჩაქოლა და თავად იესოც ცოდვილი იყო.
ასევე, ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ფულადი ჯილდოც კი დააწესეს იატაკქვეშა ეკლესიების საქმიანობის გამოაშკარავებისთვის. ივნისში ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა კომიტეტმა ლიაონინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში გამოსცა უწყება დაკრძალვის ადგილებში რელიგიურ ცერემონიალთა ჩატარების აკრძალვის შესახებ. ეს ასევე გულისხმობს ქადაგების, ბიბლიის კითხვისა და რელიგიური საგნების გავრცელების აკრძალვას სასაფლაოებზე, დაკრძალვის ბიუროებსა და მსგავს ადგილებში.