ბოლო დროს ჩინეთის მთავრობამ განაგრძო ინტერნეტსივრცეში ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა ბიბლიური პროგრამის აკრძალვით და WeChat-ში ქრისტიანთა ანგარიშების გათიშვით. ჩინეთის მთავრობამ ასევე ამოიღო ბიბლიური აპლიკაციები App Store-დან. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია International Christian Concern-ი ავრცელებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი მიზანში იღებს ბიბლიურ აპლიკაციებს. 2019 წელს ჩინეთის მთავრობამ გავრცელება შეუზღუდა ჩინურ ბიბლიურ აპლიკაციას, სახელწოდებით WeDevote მას შემდეგ, რაც ის 10 მილიონჯერ იქნა ჩამოტვირთული მომხმარებლების მიერ. WeDevote-ის თანადამფუძნებლის, ლევი ფანის თქმით, ჩინეთის მთავრობა აკონტროლებდა არა მხოლოდ აპლიკაციას, არამედ მის მომხმარებლებსაც.
აღსანიშავია, რომ მსოფლიოში პოპულარული ამერიკული ბიბლიური პროგრამა, როგორიცაა YouVersion, არ არის ხელმისაწვდომი ჩინური აპლიკაციების მაღაზიაში.
2020 წლის 7 დეკემბერს, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ ჩინეთი „განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნად“ დაასახელა რელიგიური თავისუფლების სისტემატურად შეზღუდვის თვალსაზრისით.
ორგანიზაცია Open Doors-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩინეთი მე-17 ადგილზეა ქრისტიანთა დევნის მხრივ მსოფლიოში.