ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი ბავშვებს ასწავლის, რომ ღმერთის ნაცვლად ქვეყნის კომუნისტ ლიდერს უნდა სცენ თაყვანი. ჟურნალ Bitter Winter-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს წლების განმავლობაში წვრთნიან იმისათვის, რომ დაასმინონ რელიგიური შეხედულებების მქონე ოჯახის წევრები და ნათესავები. ბავშვებს ასწავლიან სახელმძღვანელოთი, რომელსაც „ქრისტიანობა და ბოროტი კულტი“ ეწოდება. მათ ჩააგონებენ, რომ ქრისტიანობა „ბოროტი კულტია“.
Epoch Times-ის მიხედვით კი, ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლება უფრო და უფრო მეტად ცდილობს, ჩინელი ახალგაზრდები „მოამზადოს“ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ „სწორი აზრები და იდეები“, რომლებიც ათეიზმს ეფუძნება.
ერთ-ერთი ქრისტიანი დედა ამბობს, რომ სკოლაში სიარულის დაწყების შემდეგ მისი შვილის ქცევა შეიცვალა: „სკოლაში სიარულის დაწყებამდე ჩემს შვილს ვეუბნებოდი იმის შესახებ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და მასაც სწამდა ამის, მაგრამ სკოლაში მოსმენილის შემდეგ ის თითქოს სხვა პიროვნებად იქცა. ათეისტურ ჩინეთში ამ სუფთა და უმანკო ბავშვებს ღმერთის სიძულვილს ასწავლიან“.
ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ცდილობს, გაანადგუროს ქრისტიანული ეკლესიები. ქრისტიანობა საფრთხეს უქმნის კომუნისტურ რეჟიმს, რადგან მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩინელ ქრისტიანთა რიცხვი გაცილებით აღემატება ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრთა რიცხვს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქვეყნის ხელისუფლებისათვის.
ორგანიზაცია Open Doors-ის 2021 წლის ჩამონათვალის მიხედვით, ჩინეთი მე-17 ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან. გთხოვთ, განაგრძოთ ლოცვა დევნილი ჩინელი ქრისტიანებისათვის.