ქრისტიანი ლიდერები და ცნობილი ქრისტიანი ხელოვანები მწუხარებას გამოთქვამენ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით და სამართლიანობას ითხოვენ.
ცნობილი მსახიობი და ავტორი ქენდის კამერონ ბიურეი „ინსტაგრამზე“ წერს: „დღეს გულგატეხილი ვარ რასობრივი უსამართლობის გამო, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და დღესაც გრძელდება. ჩვენ ერთი რასა ვართ, ადამიანთა რასა. ვლოცულობ ამ ქვეყნისათვის. ვლოცულობ ღვთის წყალობისათვის, სამართლიანობისათვის.“
ასევე სპიკერმა და ავტორმა ბეთ მურმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე თავის „თანათეთრკანიანებს“ სამართლიანობის ძიებისკენ მოუწოდა: „იყავით გამბედავნი. საქმე ადამიანურ ღირსებას, სამართლიანობას, სისწორეს ეხება. თქვენ იცით, რა არის სწორი.“
მომხდარს ფრანკლინ გრემიც გამოეხმაურა და ამ ამბავს „გაუმართლებელი“ უწოდა.
Pulse Christian Ministry-ის დამფუძნებელმა ნიკ ჰოლმაც გააკრიტიკა პოლიციის ოფიცრის ქმედება:
„ფლოიდი სრულიად უმიზეზოდ მოკლეს პოლიციის ოფიცრებმა, რომლებსაც უფრო მეტად საკუთარი ძალის დემონსტრირება სურდათ, ვიდრე საკუთარი კოდექსის დაცვა ადამიანების დაცვასა და მსახურებასთან დაკავშირებით.“
ცნობილი ქრისტიანი რეპერი ლეკრაე წერს „ინტაგრამის“ გვერდზე: „ეს ნამდვილი ბოროტებაა. ამას სხვაგვარად ვერც ვუწოდებ. ეს ბოროტებაა.“
მან თავის გამომწერებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ დადებითი ცვლილებების განხორციელებაში სამართლიანობისა და თანასწორობისათვის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავებისას მის მოკვლაში მონაწილე პოლიციელი, დერეკ ჩოვინი, დააკავეს.
ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ნაჩვენებია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, პოლიციელი კი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა: “ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ”. დაკავებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა, ყველა მათანი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
მამაკაცის დაღუპვას მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის პოლიციის შენობა.
საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, მემფისში, ლოს-ანჯელესში.