ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის, Orlando Magic-ის მოთამაშემ, ჯონათან აიზეკმა ამჯობინა, ფეხზე მდგარიყო პარასკევს, თამაშის დაწყებამდე, ეროვნული ჰიმნის შესრულებისას. NBA-ს 22 წლის ვარსკვლავი ერთადერთი იყო, ვინც მუხლებზე არ იდგა და ვისაც არ ეცვა მაისური წარწერით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. აიზეკმა ფაქტი იმით ახსნა, რომ მას სჯერა ‒ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ამ აზრს მხარს უჭერს, თუმცა მისი სიცოცხლე ღმერთზეა დაფუძნებული.
„მჯერა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, თუმცა დაჩოქება და მაისურის ჩაცმა წარწერით ‘შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია’ არ თანხვდება თავად ამ იდეას. ჩემი ცხოვრების საყრდენი იესო ქრისტეა და ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.“ ‒ განაცხადა აიზეკმა.
კალათბურთელმა თავისი გადაწყვეტილება გუნდის მწვრთნელებსა და თანაგუნდელებთან შეათანხმა თამაშის დაწყებამდე. გუნდის მწვრთნელი სტივ კლიფორდი ამბობს, რომ ეს ჯონათანის პირადი გადაწყვეტილება იყო და ის პატივს სცემს ამას.
ჯონათანმა ასევე თქვა, რომ მას ეს პოპულარობის მოპოვების მიზნით არ გაუკეთებია და რომ ეს „გულიდან მომდინარე გადაწყვეტილება იყო“.
ჯონათან აიზეკი, რომელიც 2017 წელს შეუერთდა გუნდს Orlando Magic, სულ ცოტა ხნის წინ ეკლესიის ხელდასხმული ღვთისმსახური გახდა.
მან „ინსტაგრამზე“ დაწერა: „თუ მიცნობთ, გეცოდინებათ, რომ ეს თამაში არ არის ჩემთვის. დღემდე არაფერი დამიკარგავს იმით, რომ იესოს მივყვები. პირიქით, ბევრი რამ შევიძინე! შევიძინე ჩემი იდენტობა, ჩემი დანიშნულება და კიდევ ბევრი რამ! გმადლობ, იესო, შენი გაშლილი მკლავებისათვის!“