ბიბლიის თარგმნის საერთაშორისო ორგანიზაციამ „უიკლიფის ასოციაცია“ ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წელს ბიბლია გაცილებით მეტ ენაზე ითარგმნა, ვიდრე სხვა ნებისმიერ წელს.
ორგანიზაციის დროებითი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ნოი შენიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ზოგიერთი ადგილობრივი ბიბლიის მთარგმნელისათვის წმინდა წერილის თარგმნა „დაჩქარდა“, ნაცვლად შენელებისა.
„ჩემთვის სამაგალითო იყო ის, თუ როგორი ერთგულებით აგრძელებდნენ ამ საქმეს ის მორწმუნეები, რომლებიც რეალური საფრთხისა და დევნის პირობებში ცხოვრობენ.“ – აცხადებს ნოი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორგანიზაციამ, რომელიც 1967 წლიდან მოქმედებს და თარგმნის ბიბლიას მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, შეძლო, 8 ენაზე ეთარგმნა ძველი აღთქმა, ხოლო ახალი აღთქმა ითარგმნა 141 ენაზე. ამჟამად ორგანიზაცია ბიბლიის თარგმნის 773 პროექტზე მუშაობს და ასევე აპირებს, 273 ენობრივი ჯგუფისათვის შეასრულოს წმინდა წერილის თარგმანი 2021 წლის განმავლობაში.
გასულ წელს ორგანიზაციამ გამოსცა ახალი აღთქმის თარგმანი მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის იმ იმედით, რომ ღვთის სიტყვა იმ 56 მილიონი ადამიანისთვისაც გახდებოდა მისაწვდომი, რომელსაც არ აქვს წვდომა სახარებაზე.
თარგმანი ახალ კონცეპტუალურ ენაზეა, რომლის სწავლაც მხედველობა და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლიათ. ახალ ნოტაციას (წერილობითი პირობითი ნიშნების სისტემა) „სიმბოლური უნივერსალური ნოტაცია“ ეწოდება და ეს გახლავთ წმინდა წერილის სიტყვების სიმბოლური წარმოდგენა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეიმუშავა ბიბლიის თარგმნის ცნობილმა ორგანიზაციამ „უიკლიფის საზოგადოება“.