ბრიტანეთის ერთ-ერთ ძველ რომაულ ფორტში, დაახლოებით, 1400 წლის წინანდელი თასი იპოვეს, რომელიც, ჯერჯერობით, ყველაზე ძველ ქრისტიანულ არტეფაქტად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთში.
ამ თასის ფრაგმენტები ნაპოვნია მეექვსე საუკუნის ეკლესიის ნანგრევებში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰექსემთან ახლოს, ვინდოლანდას ციხესიმაგრეში.
აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ენდრიუ ბირტლიმ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენა იყო.
თასის ფრაგმენტებს სამშაბათს ადრიანეს კედელთან მდებარე ციხესიმაგრეში გამოფენენ.
დოქტორმა ბირტლიმ აღნიშნა, რომ თასის ფრაგმენტებზე გამოსახულია ძველი ქრისტიანული სიმბოლოები, როგორებიცაა: ანგელოზები, თევზები, ჯვრები… საჭიროა თითოეული მათგანის გამოკვლევა, რათა დადგინდეს მათი მნიშვნელობა. მან ასევე აღნიშნა, რომ რომაელებმა ციხესიმაგრე დიდი ხნის წინ დატოვეს, თუმცა ამ თასის აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ დარჩენილი მცხოვრებლები კვლავ განაგრძობდნენ ქრისტიანულ მსახურებას.
„ვინდოლანდას ციხესიმაგრეში უამრავი რამ აღმოვაჩინეთ: კრივის ხელთათმანები, ჩექმები, ფეხსაცმელი და სხვა არტეფაქტები, თუმცა ჩვენთვის გასაოცარი უფრო ის აღმოჩნდა, რომ პოსტრომაულ ლანდშაფტში ეს თასი გადარჩა და ჩვენამდე მოვიდა. თასის ეს ფრაგმენტი ბრიტანეთში აღმოჩენილი ერთადერთი უძველესი არტეფაქტია.“ ‒ აღნიშნა მან.
თასზე გამოსახულია ნავი ჯვრის ფორმის ანძით, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ეკლესიას, როგორც ჭურჭელს, რომლითაც ქრისტიანები სამუდამო დანიშნულების ადგილზე მიდიან.
დოქტორმა ბირტლიმ აღნიშნა, რომ აღმოჩენილი არტეფაქტი მიუთითებს ე.წ. ბნელ საუკუნეებს.
„ამ თასის აღმოჩენა ახალ თავს იწყებს V-VI საუკუნეების ჩრდილოეთ ბრიტანეთის ისტორიაში. აღმოჩენილია უამრავი ეკლესიის ნანგრევი, რომელიც ამ დროით თარიღდება, თუმცა, რომ არა ეს არტეფაქტები, ამ ეკლესიების რეალურად არსებობის მტკიცებულება არ გვექნებოდა. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩრდილოეთ ბრიტანეთში.“ ‒ ამბობს დოქტორი ბირტლი.
რომაელებმა ბრიტანეთში 330 წელი იცხოვრეს და, დაახლოებით, მეხუთე საუკუნეში დატოვეს ეს ქვეყანა, თუმცა მათ მიერ აგებული ციხესიმაგრეები დღემდეა შემორჩენილი.