BBC-ის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ადამიანის გენეტიკურმა ანალიზმა მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ჰომოსექსუალიზმზე პასუხისმგებელი გენი არ არსებობს.
კვლევის შედეგები ჟურნალ “Science”-ში გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის „ბიობანკისა“ და ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანიის “23andMe”-ს მონაცემები შეისწავლეს.
„ეს კვლევა გარკვევით აჩვენებს იმას, რომ არ არსებობს ჰომოსექსუალიზმის გამომწვევი გენი.” – ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კერტსი.
გაირკვა, რომ ჰომოსექსუალური მიზიდულობა დაკავშირებულია გენების ხუთ კომბინაციასთან. მათ შორის, ერთი მათგანი დაკავშირებულია სუნის შეგრძნებებთან, მეორე – სექსუალურ ჰორმონებთან, თუმცა, საერთო ჯამში, აღნიშნული ხუთი სხვადასხვა გენის ერთობლიობა განსაზღვრავს ადამიანში ჰომოსექსუალიზმის განვითარების 1%-ზე ნაკლებს.
საბოლოოდ, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების ჰომოსექსუალური ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორების 100%-ის მხოლოდ 8%-დან 25%-მდე გამოწვეულია გენეტიკური ფაქტორებით, თუმცა არა რომელიმე კონკრეტული გენის მიერ.
„არ არსებობს ჰომოსექსუალიზმის რომელიმე ერთი გენი მაინც. ამიტომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების განმსაზღვრელი გენეტიკური ტესტი არ მუშაობს. ფაქტობრივად, შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო ადამიანის სექსუალური ქცევა მისი გენის მიხედვით.“ – განაცხადა მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ანალიტიკური განყოფილების პროფესორმა ბენ ნილმა, რომელიც ამ კვლევაზე მუშაობდა.