განსაკუთრებული არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა ისრაელში, „საშინელებათა მღვიმეში“. მღვიმე იერუსალიმის სამხრეთით, იუდეის უდაბნოში, შორეულ კანიონში მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერები და სხვადასხვა ნივთი. გრაგნილების ტექსტები ბერძნულ ენაზეა შესრულებული, თუმცა სიტყვა „უფალი“ ებრაულად წერია. როგორც ცნობილია, პერგამენტის ფრაგმენტები ზაქარიას და ნაუმის წიგნების ბერძნულ ტექსტს შეიცავს, ასევე თორმეტ მცირე ბერძნულ თარგმანს, წინასწარმეტყველებებს. ეს ხელნაწერი 2000-ზე მეტ წელს ითვლის.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გრაგნილი ებრაელ მეამბოხეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც II საუკუნეში რომაელთა მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ მთებში გაიქცნენ. აჯანყება „ბარ კოჩბას აჯანყების“ სახელითაა ცნობილი და ის ადრიანეს იმპერატორობისას მოხდა, ჩვენი წელთაღრიცხვით 132–136 წლებში.
„ამ ფრაგმენტებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო რამ შევამჩნიეთ. იგი არ ჰგავს აქამდე აღმოჩენილ ებრაულ ნაწერებს. აქ მცირეოდენი ცვლილებაა. იგი, გარკვეულწილად, განსხვავდება აქამდე აღმოჩენილი ბერძნულიდან თარგმნილი გრაგნილებისაგან. თუმცა, ნაწერი გვეხმარება, დავადგინოთ ბიბლიური ტექსტების კანონიზაცია“, – ამბობს პროფესორი ჯო უზიელი, რომელიც გათხრებზე მუშაობს.
გამოქვაბულში არქეოლოგებმა უძველესი მოწნული კალათაც აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ძველი კალათაა.
„ჩვენ ვუყურებთ კალათას, რომელიც დაახლოებით 10 500 წლისაა. იგი საკმაოდ დიდია, მას 90-დან 100 ლიტრამდე ტევადობა აქვს და თან ხელუხლებელია. რამდენადაც ვიცით, რაც აქამდე აღმოგვიჩენია, მათ შორის, ეს უძველესი და ყველაზე დიდი კალათაა“, – ამბობს არქეოლოგი ჩეიმ კოენი.
გათხრების შედეგად მეცნიერებმა კიდევ ბევრი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც ებრაელთა აჯანყების პერიოდს უკავშირდება. მათ შორის, 6000 წლის წინანდელი მუმიფიცირებული ბავშვის ჩონჩხი.
როგორც ცნობილია, ბოლო აღმოჩენების შემდეგ ისრაელი უფრო აქტიურად იწყებს იუდეის უდაბნოს კვლევას.