შაგუფტა კაუსარიმ და მისმა მეუღლემ, შაფქატ ემანუელმა ბოლო ექვსი წელი ციხეში გაატარეს სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრების პასუხის მოლოდინში.
ეს არის ღარიბი ქრისტიანული ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ გოჯრაში. მათ იმედი აქვთ, რომ ეს განსაცდელი დასრულდება მათი საქმის მოსმენისას ლაჰორის უზენაეს სასამართლოში, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი.
მათმა დამცველმა, საიფ ულ მელუკიმ, რომელიც ასევე ასია ბიბის (ქალი, რომელსაც ღვთის გმობის გამო სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს) დამცველი გახლდათ, განუცხადა BBC-ის, რომ წყვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებანი გაყალბებულია.
მისივე თქმით, შესაძლოა, მოსამართლეებმა არ გაამართლონ ეჭვმიტანილები, თუკი თავად იქნებიან ექსტრემისტების სამიზნე. ბოლო კვირებში სასამართლო სხდომები რამდენჯერმე გადაიდო პანდემიის გამო.
ცოლ-ქმარი 2014 წელს დაადანაშაულეს ადგილობრივი იმამისათვის მკრეხელური ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, სადაც შეურაცხყოფილი იყო წინასწარმეტყველი მუჰამედი. ნომერი შაგუფტა კაუსარის სახელზე იყო რეგისტრირებული. ღვთის გმობა პაკისტანში სიკვდილით ისჯება და მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ჯერ არავინ დაუსჯიათ სიკვდილით, ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული ბრბოს მიერ ღვთის გმობის ბრალდების გამო.
შაგუფტას ძმამ BBC-ის უთხრა, რომ ეჭვი ეპარება იმასთან დაკავშირებით, ცოლ-ქმარს საერთოდ თუ შეეძლო ტექსტური შეტყობინებების დაწერა და გაგზავნა, რადგან მათ საამისო განათლება არ აქვთ. შაგუფტა დარაჯად მუშაობდა ქრისტიანულ სკოლაში, ხოლო მისი ქმარი ნაწილობრივ პარალიზებულია.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც, შაგუფტას ძმის თქმით, სტრესულ მდგომარეობაში არიან. მისივე ცნობით, შაფქატის ციხეში აწამებდნენ აღიარებითი ჩვენების მისაცემად და ფეხიც მოსტეხეს.
ადამიანთა უფლებების დაცველები აცხადებენ, რომ ღვთის გმობაში დადანაშაულება ხშირად გამოიყენება პირადი ანგარიშების გასასწორებლად ან რელიგიურ უმცირესობათა შესავიწროებლად.