ისლამურმა სახელწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ორშაბათ საღამოს ვენაში მომხდარ თავდასხმაზე, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისლამური სახელმწიფოს ახალი ამბების სააგენტო Amaq News Agency-მ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც თავდამსხმელია გამოსახული. ფოტოზე ჩანს წვეროსანი კაცი, რომელიც „აბუ დაგნა ალ-ალბანის“ სახელით მოიხსენიება.
მასალისათვის თანდართულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის ვენის ცენტრში შეკრებილ ხალხს თავს დაესხა პისტოლეტითა და ტყვიამფრქვევით მანამ, სანამ პოლიცია მოკლავდა.
ფოტოზე ალ-ალბანის ხელში პისტოლეტი, ტყვიამფრქვევი და მაჩეტე უჭირავს, ხოლო მარცხენა ხელის არათითზე უკეთია ბეჭედი, რომელზეც აწერია: „მუჰამედი ალაჰის მაცნეა“.
Amaq News Agency-მ ამ მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ალ-ალბანი ერთგულების ფიცს უდებს ისლამური სახელმწიფოს ლიდერს, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიშის. ვიდეოში ის არაბულად საუბრობს.
ავსტრიის ხელისუფლებამ თავდამსხმელის ნამდვილი ვინაობა გაარკვია. ის აღმოჩნდა წარმოშობით ალბანელი, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქე, 20 წლის კუჯტიმ ფეჯულაი. მას 22 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2019 წლის აპრილში სირიაში გადასვლისა და ისლამურ სახელმწიფოსთან შეერთების მცდელობისათვის. 2019 წლის დეკემბერში კი ის შეიწყალეს და გაათავისუფლეს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნიჰამერის განცხადებით, პოლიციამ დააკავა ფეჯულაისთან დაკავშირებული 14 პირი. მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.