ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საკათედრო ტაძარმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევანგელისტი ხუცესის მიწვევის გამო.
ვაშინგტონის საკათედრო ტაძარმა, რომელიც აშშ-ის ანგლიკანური ეკლესიის მთავარი საეპისკოპოსო ტაძარია, 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ მომდევნო კვირას, 7 თებერვალს ავტორი და მწერალი, მაქს ლუკადო იქადაგებდა ონლაინ გამართულ ღვთისმსახურებაზე. ლუკადო ტეხასის შტატის, ქალაქს სან-ანტონიოში არსებული Oak Hills-ის ეკლესიის ხუცესია და ასევე არის სხვადასხვა წიგნის ავტორი. მისი წიგნები მსოფლიოს 54-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 120 მილიონ ეგზემპლარზე მეტი.
კრიტიკა გამოიწვია ლუკადოს ტრადიციულმა, ბიბლიურმა შეხედულებებმა სექსუალურობასთან დაკავშირებით. ეპისკოპალური ეკლესიის ახალი ამბების ვებგვერდი წერს, რომ უკმაყოფილება გამოიწვია ლუკადოს ადრინდელმა განცხადებებმა „ჰომოსექსუალობასა და ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებასთან“ დაკავშირებით, რასაც „მზარდი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ეპისკოპალური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან“. მოწინააღმდეგეებმა ლუკადოს მიერ 2004 წელს დაწერილი სტატია მოიყვანეს არგუმენტად.
ვებგვერდი Episcopal News-ი ლუკადოს შეხედულებებს „ანტი-ლგბტქ შეხედულებებს“ უწოდებს. 1,500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას და მოწვევის გაუქმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ევანგელისტმა ხუცესმა „სერიოზული ზიანი მიაყენა“ ლგბტქ თემს. მიუხედავად ამისა, მაქს ლუკადომ მაინც იქადაგა კვირას, 7 თებერვალს. ქადაგება შეეხებოდა იმას, რომ სულიწმიდა ანიჭებს ადამიანს ღვთიურ სიმშვიდეს შფოთის დროს.
„ძალიან სახიფათოა, როდესაც მხოლოდ მათთან გვაქვს ურთიერთობა, ვისაც ყველა საკითხში ვეთანხმებით. იმედი მაქვს, რომ ყველა ეკლესია შეძლებს, კარი გაუღოს განსხვავებულ შეხედულებებს.“ – განაცხადა ტაძრის უფროსმა სასულიერო პირმა, რენდი ჰოლერითმა.