ორგანიზაციის The American Worldview Inventory 2020 უახლესი მონაცემები მოწმობს, რომ იმ ადამიანთა რიცხვი (56%), რომლებსაც სჯერათ, რომ სატანას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ღმერთს, აღემატება მათ რიცხვს, რომლებიც ღმერთის უზენაესობას აღიარებენ (51%). 49% კი დარწმუნებული არ არის იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა ღმერთი საერთოდ.
კვლევის მიხედვით, ამერიკელ მორწმუნეთა 44%-ს მიაჩნია, რომ იესო ქრისტე არ იყო უცოდველი.
გამოკითხულთა 52% კი ფიქრობს, რომ სულიწმიდა არ არის ცოცხალი პიროვნება, არამედ ეს არის ღვთის ძალის, თანდასწრებისა და სიწმინდის სიმბოლო.
არიზონის ქრისტიანული უნივერსიტეტის კულტურული კვლევის ცენტრის დირექტორი და „ბარნა ჯგუფის“ (Barna Group) დამფუძნებელი დოქტორი ჯორჯ ბარნა ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერს: „ათობით მილიონი ამერიკელი საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ სწამს, რომ ღმერთი მართლაც აკონტროლებს ყველაფერს ან აინტერესებს ის, რაც მათ ცხოვრებაში ხდება.“
მან ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ადამიანთა მსოფლმხედველობა მნიშვნელოვანწილად შეიცვალა. ადრე ადამიანები „ღმერთის შესახებ ფიქრობდნენ და სწავლობდნენ“, ახლა კი ისინი „საკუთარი თავით არიან შთანთქმულნი“ და უარყოფენ აბსოლუტური მორალური ჭეშმარიტების არსებობას.
CBN News-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბარნა ამბობს, რომ ადამიანები უფრო მეტად შიშის კარნახით იქცევიან და ღმერთის ნაცვლად ხელისუფლებაზე ამყარებენ იმედს.
P.S. კვლევა ცხადყოფს, თუ რაოდენ აცდენილია იმ ადამიანთა შეხედულებები ბიბლიას, რომლებიც თავს ქრისტიან მორწმუნეებად მიიჩნევენ. ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითია. არავინ იცის, რა შედეგს გვიჩვენებს იგივე კვლევა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ერთი რამ კი ცხადია, ქრისტიანული თვალთახედვა წარმოდგენილია ბიბლიაში და მნიშვნელოვანია, ბიბლიის ჭრილში განვიხილოთ ჩვენი შეხედულებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ქრისტიანებმა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას ვგულისხმობთ მაშინ, როცა ვამბობთ, რომ გვწამს. ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში, თუ ეჭვი გვეპარება მის ყოვლისშემძლეობაში?