სხვა გერმანელი ბავშვების მსგავსად, ლეო ებემაც სკოლაში ისწავლა მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შესახებ. შემდეგ კი გაიგო, რომ მის ოჯახსაც კავშირი ჰქონდა ამ ტრაგედიასთან. ეს მოხდა მაშინ, როდესაც თავის ეკლესიაში (სამხრეთ გერმანია, ტუბინგენი) ხუცესისგან მოისმინა მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიის თითოეულ წევრს გამოეძია და გაეგო, მათ ნათესავებს რაიმე კავშირი ხომ არ ჰქონდათ ჰოლოკოსტთან. მოზარდმა ებემ აღმოაჩინა, რომ თავისი დიდი პაპა მსახურობდა SS-ში, მესამე რაიხის ელიტურ რაზმში.
„ჩემი დიდი პაპა სხვებთან ერთად წვავდა ებრაელთა სოფლებს, ხოლო ძვირფას ნივთებს, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშებსა და ძვირფასეულობას, ართმევდა მათ. ის ხელმძღვანელობდა დარბევებს. ისინი მიდიოდნენ სოფლებში და ყველას ხოცავდნენ. შოკირებული და იმედგაცრუებული ვიყავი ამის გაგებისას, მაგრამ რაღაცებს მივხვდი. მე, როგორც ქრისტიანი, მოვალე ვარ, მტკიცე პოზიცია დავიკავო ისრაელსა და ებრაელებთან დაკავშირებით.“ – თქვა ებემ, რომელიც ახლა უკვე 18 წლისაა.
სწორედ ამ სურვილმა უბიძგა მას გასულ ოქტომბერში ჩასულიყო ნეგევში (ADI Negev-Nahalat Eran). ეს არის სამხრეთ ისრაელში არსებული საცხოვრებელი და სარეაბილიტაციო სოფელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის.
ებე ისრაელში ჩავიდა March of Life-ის მეშვეობით. ეს გახლავთ გერმანიაში ჩამოყალიბებული მოძრაობა, რომელიც ცდილობს, გამოისყიდოს ჰოლოკოსტისას ჩადენილი დანაშაული მოხალისეობრივი სამუშაოების შესრულებით და ასევე აქტიურად უპირისპირდება ანტისემიტიზმს. მოძრაობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი ხუცესების – იობსტ და შარლოტ ბიტნერებისა და ასევე, TOS Ministries-ის მიერ (ევანგელური, ქარიზმატული თავისუფალი ეკლესია, მისიონერული და საქველმოქმედო ორგანიზაცია ტუბინგენში). March of Life-ის მოძრაობამ, შერიგებისა და დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, უკვე ასობით მარში მოაწყო ებრაელთა მასობრივი ჟლეტის ადგილებზე მთელი ევროპის მასშტაბით.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაციამ ახალგაზრდა გერმანელები მოხალისეებად გაგზავნა ისრაელში, ADI-ში, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საცხოვრებელი და სარეაბილიტაციო ცენტრია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის, რომლებსაც მძიმე ფორმები აღენიშნებათ.
ორგანიზაცია თანამშრომლობს ADI-სთან ნაწილობრივ იმის გამოც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ებრაელები იყვნენ პირველები, რომელთა განადგურებაც დაისახეს მიზნად ნაცისტებმა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებთან მუშაობა არის ის, რაც თავმდაბლობას გძენს.“ – ამბობს ჰაინც როისი, March of Life-ის საერთაშორისო დირექტორი.
მოხალისეთა დიდი ნაწილი ნაცისტების შთამომავლები არიან.
„ჩემმა მშობლებმა ძიება მაშინ დაიწყეს, როცა მე 4-5 წლის ვიყავი. სიმართლე დამალულია გერმანიაში.“ – ამბობს 18 წლის ანა-სუზეტ პფაიფერი, რომელიც ADI-ს საბავშვო ბაღში მუშაობს.
ანას ყველა დიდი პაპა ნაცისტი იყო: ერთი იარაღის ქარხანაში მუშაობდა, მეორე ებრაელებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც სახლებს ართმევდა აღმოსავლეთ ევროპაში, რათა იქ გერმანელები დასახლებულიყვნენ. ანას დედის ერთ-ერთი პაპა კი მონაწილეობდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზის კამერების მოწყობასა და დენის ღობეების აღმართვაში.
ADI Negev-Nahalat Eran-ის თავმჯდომარე, დორონ ალმოგი ამბობს, რომ შეუფასებელი პრაქტიკული დახმარების გარდა, მოხალისეები უსაზღვრო ენერგიას იჩენენ მაშინ, როცა რუტინა წარმოუდგენლად რთულია: „ისინი თვითმოტივირებულნი და მიძღვნილნი არიან. ისინი არიან საუკეთესო ელჩები.“ – ამბობს ალმოგი.
ალმოგს ესმის მოხალისეთა მოტივაცია. მას ესმის, რომ ისინი საკუთარი წინაპრების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ, მაგრამ ის სხვაგვარად უყურებს მათ შრომას და ფიქრობს, რომ ეს შრომა მიმართულია მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევისკენ.
„მათი წინაპრები რასისტული იდეოლოგიით იყვნენ განსწავლულნი. ისინი ფიქრობდნენ, რომ აღმატებული რასის წარმომადგენლები იყვნენ. 1939 წელს ჰიტლერმა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოუყარა თავი და დახოცა ისინი. აქ კი, ამ ადამიანების შთამომავლები სწავლობენ იმას, რომ ყველა თანასწორნი ვართ და რომ სიცოცხლე ძვირფასია.“ – აცხადებს ალმოგი.
ჰოლოკოსტის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გერმანია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოკავშირედ იქცა. გარდა მოხალისეების გაგზავნისა, გერმანიის მთავრობა მუდმივად უჭერდა მხარს ისრაელს როგორც დიპლომატიურად, ისე ეკონომიკურად ვაჭრობისა და ომის შემდგომი რეპარაციების მეშვეობით. 1996 წელს გერმანიამ 27 იანვარი ოფიციალურად გამოაცხადა ჰოლოკოსტის გახსენების დღედ. ეს იყო ათი წლით ადრე მანამ, სანამ გაერთიანებული ერები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადებდნენ მას 2005 წელს.