რამდენიმე დღის წინ ვებგვერდზე Snopes გამოქვეყნდა სტატია, რომელიც კრეაციონიზმს (შეხედულება იმის შესახებ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო) „შეთქმულების თეორიას“ უწოდებს.
სტატიის ავტორია პოლ ბრატერმანმი, გლაზგოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, რომელიც საკუთარ თავს „სკეპტიკოსს“ და „ანტიკრეაციონისტს“ უწოდებს. მან მოიყვანა ციტატა 2019 წელს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის, Gallup Poll-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან, რომლის მიხედვითაც ამერიკის მოსახლეობის 40%-ს სჯერა, რომ ყველანი ღმერთის მიერ, დაახლოებით, 10 ათასი წლის შექმნილი პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შთამომავლები ვართ.
„ამგვარი შეხედულებანი ეფუძნება მოძღვრებას ბიბლიის შეუცდომლობის შესახებ, რომელიც დიდი ხანია რწმენის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა მრავალ ევანგელისტურ და ბაპტისტურ ეკლესიაში, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ დღეს არსებული კრეაციონისტული მოძრაობა სრულიად ჩამოყალიბებული შეთქმულების თეორიაა.“ – წერს ბრატერმანმი.
პოლ ბრატერმანმის სტატიას გამოეხმაურა აპოლოგეტური მსახურების, Answers in Genesis-ის დამფუძნებელი კენ ჰემი და პროფესორს „მგზნებარე ათეისტი“ უწოდა.
ჰემმა აღნიშნა, რომ ბრატერმანმი მიზანმიმართულად ცდილობდა, ხელი შეეშალა სკოლებში (განსაკუთრებით, გაერთიანებულ სამეფოში) კრეაციონიზმის სწავლებისათვის. მისი თქმით, პროფესორი ასევე ცდილობდა ქრისტიანების გაიგივებას, ეგრეთ წოდებული, Qanon-ის შეთქმულების თეორიის მომხრეებთან.
„ქიუანონი“ არის შეთქმულება, რომელიც 2017 წელს გავრცელდა და მრავალ თეორიას აერთიანებს. მათი მთავარი გზავნილი მარტივია – მათ ჰგონიათ, რომ მსოფლიოს ელიტები განაგებენ. ზემოთ აღნიშნული შეთქმულების მომხრეებს სწამთ, რომ მსოფლიოს სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფი მართავს, რომელიც სათავეში უდგას ბავშვთა სექსტრეფიკინგს, როგორც ერთგვარ კულტს. ეს არის ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპს ებრძვიან, პრეზიდენტს კი მათთან გამკლავება უწევს. შეთქმულების თეორიის არცერთი მოსაზრება ფაქტზე დაფუძნებული არ არის. სწორედ ამ ჯგუფთან გააიგივა პროფესორმა ქრისტიანები.
„ისინი ჩვენს დემონიზებას ცდილობენ იმით, რომ გვაიგივებენ ისეთ ჯგუფებთან, რომლებთანაც საერთოდ არაფერი გვაკავშირებს,“ – განაცხადა ჰემმა. მან ასევე უარყო ბრატერმანმის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის, როგორც აპოლოგეტური მსახურების დამფუძნებელი, „მტრულად არის მეცნიერებისადმი განწყობილი“.
ჰემმა Faithwire-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახურება Answers in Genesis-ს ჰყავს რამდენიმე მკვლევარი-თანამშრომელი, რომლებმაც მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოიპოვეს სამეცნიერო ხარისხი, მათ შორის, პალეონტოლოგიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში. ისინი ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან, როგორებიცაა, ჰარვარდი და ბრაუნი. ჰემის თქმით, „მათ არ მისცემდნენ სამეცნიერო ხარისხს საერო უნივერსიტეტში, თუკი უნივერსიტეტი მათ მეცნიერების მოწინააღმდეგეებად მიიჩნევდა“.