სატელევიზიო არხის „TBN“-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური სერიალის „აუხსნელი: როგორ გავრცელდა სახარება დედამიწის კიდეებამდე“, რომლის პრემიერა შედგა 2020 წლის იანვარში, დენის ჰეისიბერტი ახმოვანებს. სერიალის შემქმნელებმა მთხრობელად მიიწვიეს ჰეისბერტი, რომლის გამორჩეული ხმაც ისეთივე ცნობილია, როგორც თავად მსახიობის გარეგნობა.
ჰეისბერტმა, რომელიც ასრულებს პრეზიდენტის როლს ფილმში „24 საათი“ და ასევე ექიმის როლს ქრისტიანულ ფილმში Breakthrough („გატეხილი“), საინფორმაციო პორტალს „Christian Headlines“ განუცხადა, რომ ის „კურთხეულია“ იმით, რომ დასამახსოვრებელი ხმა აქვს.
„ყველას დიდებული ხმა აქვს ჩემს ოჯახში,“ ‒ სიცილით აღნიშნა მსახიობმა, რომელსაც რვა და-ძმა ჰყავს.
ექვსი ნაწილისგან შემდგარი დოკუმენტური სერიალი იწყება პირველი საუკუნით და მოიცავს ქრისტიანობის გავრცელებას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. მასში ასევე ჩართულია ისტორიკოსთა, ქრისტიან ლიდერთა და სხვა ექსპერტთა ინტერვიუები.
მსახიობის განმარტებით, სერიალი შეულამაზებლად გადმოსცემს ქრისტიანობის ისტორიას. მისი აზრით, ზოგიერთი სერია „სისხლიანი“ და „თავზარდამცემია“.
„მილიარდობით ქრისტიანია მსოფლიოში. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ეს ისტორია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისტორია, რადგან რაც გვავიწყდება ან რაც არ ვიცით, გარდაუვალია მისი განმეორება.“ ‒ ამბობს ჰეისბერტი.
ჰეისბერტმა თქვა, რომ მან ძალიან ბევრი რამ გაიგო ქრისტიანობის ისტორიის შესახებ სერიალის ტექსტის ჩაწერისას. ერთხელ, ტექსტის კითხვისას, მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წაკითხულმა.
„იძულებული გავხდი, რამდენჯერმე შემეწყვიტა კითხვა და მეთქვა: ‘ცოტა ხანს მადროვეთ, გავიაზრო წაკითხული, გავითავისო მანამ, სანამ გავაგრძელებდე კითხვას.’ დროდადრო ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი კითხვისას… იწყებ კითხვას და შენ წინ ისტორია ცოცხლდება.“ ‒ უთხრა ჰეისბერტმა საინფორმაციო პორტალს „Christian Headlines“.