ონლაინმსახურების დროს „First Baptist Church“-ის ხუცესმა ჩარლზ სტენლიმ თავისი გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თავდაპირველად იგი დამხმარე მსახური გახლდათ თავის ეკლესიაში, 2 წლის შემდეგ კი ხუცესი გახდა.
სტენლიმ თანამსახურებს თვის დასაწყისში აცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
„უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ 50 წლის განმავლობაში მომცა შესაძლებლობა, მოგმსახურებოდით თქვენ. ეს საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ გულში მაქვს მოწმობა, რომ ჩემი ხუცესობის პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა.“
სტენლი აცხადებს, რომ ის არ გადამდგარა, უბრალოდ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მსახურებას „In Touch Ministries“, რომელიც მან 1977 წელს დააარსა.
„მე პენსიაზე არ გავსულვარ, იქამდე არ შევწყვეტ ქადაგებას, ვიდრე უფალი არ მოისურვებს. ჩემი მიზანი კვლავ იგივე რჩება: მივუტანო უფლის სიტყვა რაც შეიძლება მეტ ხალხს და რაც შეიძლება მალე სულიწმიდის ძალის მეშვეობით, რათა განდიდდეს უფლის სახელი.“
ამიერიდან უფროსი ხუცესის მსახურებას აღნიშნული ეკლესიის დამხმარე ხუცესი ანტონი ჯორჯი გადაიბარებს. მან სტენლის სამადლობელი სიტყვით მიმართა:
„გმადლობთ, რომ ყოველი გამოწვევის წინაშე ძლიერად და იმედიანად იდექით; ყოველი განსაცდელი ღირსეულად გადაიტანეთ და ამავდროულად, მუდმივად ლოცულობდით ჩვენი დიდებული ღმერთის წინაშე. თქვენ მტკიცე და საიმედო ჭურჭელი ხართ უფლისა; თქვენ მიერ ნაქადაგებმა ღვთის სიტყვამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა; ღმერთი ყოველ ნაბიჯზე თქვენთან იყო. მე კი სწორედ თქვენი მეშვეობით ვისწავლე, რომ უფლის დახმარებით ყოველთვის გამოვავლინო ჩემს შესაძლებლობათა მაქსიმუმი მსახურებაში.“
საბოლოოდ, მიმართვა სტენლიმ დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „მეც იმავეს გავაკეთებ, რისთვისაც თქვენ მოგიწოდებთ, დავიცავ უფლის მცნებებს, ხოლო შედეგებს უფალს მივანდობ. ღმერთმა გაკურთხოთ!“
ჩარლზ სტენლი თვის ბოლოს 88 წლის გახდება, სწორედ გასულ წელს აღნიშნა მთლიანმა ეკლესიამ მისი ხუცესობის 50 წლისთავი.