დღეს ხსნის არმიის დამფუძნებლის, პირველი გენერლის – უილიამ ბუთის დაბადების დღეა. იგი 1829 წლის 10 აპრილს დაიბადა და 1912 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა.
“ხსნის არმია“ წარმოადგენს ქრისტიანულ ეკლესიას და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა სამხედრო ჩაცმულობის სტილით და წოდებით. დღეისათვის იმყოფება მსოფლიოს 130 ქვეყანაში და ჰყავს 2 მილიონზე მეტი მიმდევარი. „ხსნის არმია“ დაფუძნდა 1865 წელს ლონდონში, ყოფილი მქადაგებელი მეთოდისტის, უილიამ ბუთის მიერ. უილიამ ბუთი და მისი მეუღლე კეტრინი ცდილობდნენ, გაჭირვებულები ეხსნათ შიმშილისა და გასაჭირისაგან და დახმარებოდნენ მათ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.
„სანამ ქალები ტირიან, როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ პატარა ბავშვები შიმშილობენ, როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ კაცები გამოდიან ციხიდან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან ციხეში, როგორც ახლა, მე ვიბრძოლებ; სანამ არის თუნდაც ერთი მიუსაფარი ალკოჰოლიკი, სანამ არის თუნდაც ერთი დაკარგული ღარიბი გოგონა ქუჩაში, სანამ არის თუნდაც ერთი ბნელი სული, უფლის ნათელის გარეშე დარჩენილი, მე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე!“ – უილიამ ბუთი.
“ხსნის არმია“ საქართველოში მოღვაწეობს ორი მიმართულებით: „ღმერთს გული“ – რომელიც მოიცავს საეკლესიო ცხოვრებას, და „კაცს ხელი“ – სოციალურ მსახურებას. მათი ლოზუნგია „რწმენა მოქმედებაში.“ იგი მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ პიროვნებას.