29 ნოემბერს ადვენტი, ანუ ახალი ლიტურგიული წლის დაწყება, საქართველოშიც აღნიშნეს. კათოლიკურ და „ხსნის არმიის“ ეკლესიებში საადვენტო გვირგვინში პირველი სანთელიც დაანთეს.
„ხსნის არმიის“ პროტესტანტული ეკლესია შობის დღესასწაულს, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, 25 დეკემბერს ზეიმობს. ამ დღესასწაულს კი წინ უსწრებს ოთხკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ადვენტს უწოდებენ.
„ვდღესასწაულობთ არა თარიღს, არამედ მოვლენას – იესო ქრისტეს დაბადებას იუდეის ბეთლემში. შობას კი ტრადიციულად წინ უსწრებს მოსამზადებელი ოთხკვირიანი პერიოდი, რომელსაც ადვენტი ჰქვია. ადვენტი მოლოდინს ნიშნავს და ჩვენც მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად მოველით ქრისტეს განკაცებით გამოწვეული უდიდესი სიხარულის დღეს, ქრისტეშობას. საუკუნეების წინ სიტყვამ ხორცი შეისხა და დამკვიდრდა ადამიანთა შორის და ყველაზე დიდი სიხარული ანგელოზთა მეშვეობით ეხარა კაცობრიობას. ჩვენს საადვენტო გვირგვინში სიმბოლური სახელობის სანთლები ინთება, გასულ კვირას აინთო იმედის სანთელი და მომავალი სამი კვირა მშვიდობის, სიხარულის და სიყვარულის სანთლებით შეივსება. ადვენტი – ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის და ეს სამზადისი არის, უპირველესად, სულიერი მზადება ჩვენში ლოცვით, მონანიებით და განწმენდით, რათა იესო ქრისტე – მხსნელი ადამიანისა – იშვას განწმენდილ გულებში. განსაკუთრებით მოვუწოდებთ ადამიანებს – იყვნენ ხელგაშლილნი, ქველმოქმედნი, მოწყალენი და მოყვასის მოყვარულნი.“ – ამბობს „ხსნის არმიის“ რეგიონალური ლიდერი სოფიო ბახტაძე.
ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო საშობაო მზადების აღნიშვნა, რომელსაც დღეს ადვენტი ეწოდება. მსგავსი პერიოდი პირველად ეკლესიის ისტორიულ ქრონიკებში უკვე ქრ. შობიდან 380 წელს იხსენიება, დაახლოებით იმ დროს, როდესაც ქრისტიანებმა ქრისტეს შობის აღნიშვნა დაიწყეს.
ადვენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციაა „ადვენტის გვირგვინი“ – ნაძვის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი, რომელშიც ოთხი სანთელია მოთავსებული. ადვენტის ყოველ მომდევნო კვირას თითო სანთელს ანთებენ. ტრადიცია სათავეს იღებს 1839 წლიდან, როდესაც ჰამბურგში მცხოვრებმა ლუთერანმა ღვთისმეტყველმა იოჰან ჰაინრიხ ვიხერნმა ღარიბი ბავშვებისათვის ხის ბორბლისგან გვირგვინი გააკეთა და სანთლებით მორთო. გვირგვინში მოთავსებული 4 დიდი თეთრი და 24 პატარა წითელი სანთელი ბავშვებს ქრისტეს შობამდე დარჩენილი დროის შესახებ შეახსენებდა. ყოველდღე ინთებოდა ერთი პატარა სანთელი, ხოლო ყოველ კვირას კი – ერთი დიდი სანთელი.
შეგახსენებთ, რომ ადვენტი მთელ მსოფლიოში იწყება ნოემბრის ბოლო კვირა დღეს და აღნიშნავს ლიტურგიული წლის დასაწყისს. მას, ძირითადად, აღნიშნავენ კათოლიკეები; ასევე ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაცია, მათ შორის, ლუთერანული, ანგლიკანური და ეპისკოპალური ეკლესია.