რამდენად ადვილად უმკლავდებით სტრესს? გიძნელდებათ მარტივი გადაწყვეტილებების მიღება?
უცნაურია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უჭირს საკუთარი ემოციური და სულიერი სიჯანსაღის შეფასება. როგორც წესი, მარტივად ვხვდებით, როდის არაა ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი, ეს შეიძლება იყოს კუჭის, თავის ან ზურგის ტკივილი. მჯერა, რომ არსებობს ისეთი დღეები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ნამდვილად არ იცით, როგორია თქვენი ემოციური ან სულიერი მდგომარეობა.
მათეს სახარების მე-11 თავში უფალი იესო საუბრობს იმაზე, თუ როგორია მისი უღელის აღება:
„გადაიღალეთ? დაიქანცეთ რელიგიურობით? ჩემთან მოდით. ჩემთან ერთად იარეთ და თქვენი ცხოვრება განახლდება. გიჩვენებთ, რას ნიშნავს ნამდვილი სიმშვიდე. იარეთ და იშრომეთ ჩემთან ერთად. უყურეთ, როგორ ვაკეთებ ამას. ისწავლეთ სულის სიმშვიდე. ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი. იყავით ჩემთან და ისწავლეთ, როგორ იცხოვროთ თავისუფლად და მსუბუქად…“
ხშირად ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დამძიმებულია; ჩვენს თავზე თითქოს ნისლი ჩამოწოლილა და მის გამო ყველაფერს დამახინჯებულად აღვიქვამთ. როდესაც ამ ბურუსში დიდხანს ვცხოვრობთ, ისე ვეჩვევით, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ჩვენს მდგომარეობას…
ცხოვრობთ ქრისტე იესოში სულის სიმშვიდით? არის კი თქვენი ცხოვრება ნათელი? იქნებ გაურკვევლობის ნისლმა გშთანთქათ? რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა თქვენი ემოციები და სულიერი მდგომარეობა?
აქ რამდენიმე კითხვაა, რომლებზე გაცემული პასუხებიც დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ თქვენი ემოციური და სულიერი მდგომარეობა:
• გიჭირთ თუ არა ჩაძინება? გჭირდებათ ძილისთვის ალკოჰოლი, ტელევიზორი ან პორნოგრაფია?
• რამდენად რთულია დილით დღის დაწყება?
• რამდენად ბუნდოვანია მომავლის აღქმა?
• გასულ კვირას რამდენჯერ წაიკითხეთ ბიბლია?
• ბოლოს როდის იცინეთ ან როდის იყავით მხიარულ ხასიათზე?
• იკვებებოდით თუ არა ჯანმრთელად თუნდაც გასულ კვირას?
• რამდენჯერ ივარჯიშეთ გასულ კვირას?
• თამაშობთ სპორტულ თამაშებს?
მინდა მოგიწოდოთ, რომ გადახედოთ ამ კითხვებს და გასცეთ გულწრფელი პასუხები. ეს კითხვები დაგეხმარებათ არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში, არამედ თქვენი ცხოვრების იმ სფეროების აღმოჩენაშიც, რომლებსაც ცვლილება სჭირდება.
ამ სიაში რამდენიმე კითხვაა, რომლებიც თავდაპირველად, შეფასებისა და ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. ასეთი ცვლილებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შექმნათ მოქმედებათა განრიგი, ერთგვარი გეგმა, რომელიც ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ. თუკი იცით, რომ ვარჯიში გჭირდებათ, მაგრამ კალენდარში არ მონიშნავთ ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს შეძლებთ დროის გამონახვას საამისოდ…
ჩვენ ემოციური არსებები ვართ. ჩვენთვის საჭიროა, ვაანალიზებდეთ საკუთარ მდგომარეობას, მაგრამ ნაცვლად ამისა, ხშირად, უბრალოდ გავურბივართ საკუთარ თავს. ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ ჩვენს სულიერ სიცარიელეს და მის შევსებას ხორციელ საჭიროებათა დაკმაყოფილებით ვცდილობთ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. თუ გვინდა, რომ ამ ნისლს თავი დავაღწიოთ, უბრალოდ სწორი შეფასება და რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა ვისწავლოთ და არც ესაა მხოლოდ საკმარისი, დისციპლინა და დაგეგმარება ისაა, რაც დაგვეხმარება, შევცვალოთ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ, იქნება ეს კვების, ვარჯიშისა თუ ბიბლიის კითხვის დისციპლინა.
ჩვენ ქმნილებები ვართ და არა შემოქმედნი. ღმერთი უსასრულოა, ჩვენ კი – სასრულნი. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ უსასრულოა. ჩვენი ემოციური და სულიერი სისუსტის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ ჩვენი სასრულობა და ჩვენს საჭიროებათა შესაბამისად არ ვახორციელებთ რეალურ ცვლილებებს, ცვლილებებს, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება მარადისობისკენ მიმავალ გზაზე.