ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, იწყება მაშინ, როცა ჩვენს ფიქრებზე, ქცევებსა და დამოკიდებულებებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვეულებისამებრ, ადამიანები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, ისინი ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, სხვას ადანაშაულებენ საკუთარ პრობლემებში. ჩვენ სიმამაცე გვჭირდება, რომ რაიმე შევცვალოთ, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას, სულიერად მოწიფულნი ვერ გავხდებით და ვერც ზრდასრულთა მსგავსად ურთიერთობას ვერ შევძლებთ ერთმანეთთან.
ქრისტიანობა არაა პასიური რელიგია, ქრისტიანობა რწმენის გამოვლინებაა ქმედებაში. ბიბლიაში ხშირადაა გამოყენებული სიტყვები: ამორჩევა, დაცვა, ბრძოლა, შენდობა, სიყვარული, თესვა, ძიება, სწავლება, აღზრდა, სტუმრობა, გაფრთხილება, შრომა, თაყვანისცემა. ბიბლია სავსეა ისეთი ზმნებით, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ რწმენა აქტიური მოქმედებაა.
ეძიე სიბრძნე…
იგავებში ვკითხულობთ:
იცოდე შენი სამწყსოს ზნე და იზრუნე ფარაზე; გული დაუდე ფარას, რადგან საუკუნო არ არის სიმდიდრე და მუდამ არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაზე.
ეს ორი წინადადება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომელიც ნამდვილად ღირს განსახილველად. სოლომონი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მთავარია ცხოვრებაში, რაც მარადიულია და ეს ყოველივე წარმოჩენილია იმის ფონზე, რაც ხანმოკლე და წარმავალია. სიბრძნე ისაა, იცოდე, რა არის მთავარი ცხოვრებაში.
ცვლილებები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აღმოვაჩენთ იმას, რაც უნდა შეიცვალოს.
მრავალი ადამიანი უყურადღებოდ ეპყრობა იმას, რაც ღირებულია მათ ცხოვრებაში, მაგალითად:
- ადამიანმა იცის, რომ პორნოგრაფიის ყურება ქორწინებას ანგრევს, მაგრამ კვლავ განაგრძობს ასე მოქცევას;
- ადამიანები აანალიზებენ, რომ ჩაგვრა ურთიერთობებს ანადგურებს, და კვლავ მჩაგვრელებად რჩებიან.
- ვიცით, რომ დროის უქმად კარგვა უდიდესი შეცდომაა, მაგრამ კვლავ ვირჩევთ, რომ დრო გავფლანგოთ;
რატომ ვიქცევით ასე? იმიტომ, რომ არ ვეძიებთ სიბრძნეს; არ ვიცით, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში; არ გაგვაჩნია ღირებულებები, რომლებსაც არაფრის გულისთვის არ დავთმობდით, რადგან ბევრს არ ვფიქრობთ ამ ცხოვრების წარმავლობაზე და მარადისობაზე. ჩვენ მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება მოგვწონს და ვირჩევთ – აქ და ახლა მივიღოთ წუთიერი ტკბობა, ვიდრე მთელი მარადისობა გავატაროთ უფალთან, საუკუნო ნეტარებაში.
დასაწყისისთვის განსაზღვრეთ 10 სფერო და შეაფასეთ, წინა წელთან შედარებით, რაიმე თუ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად:
o თქვენი ოჯახური ცხოვრება შესუსტდა თუ გაძლიერდა, წინა წელთან შედარებით?
o როგორია თქვენი ქორწინება? თუ დაქორწინებული არ ხართ, ახლო ურთიერთობათა ჭრილში უპასუხეთ ამ კთხვას.
o ღმერთთან ურთიერთობაში რა ეტაპზე ხართ? როგორია თქვენი ურთიერთობა ქრისტესთან?
o რას იტყოდით თქვენს ფიქრებსა და ქცევაზე?
o როგორ უყურებთ თქვენს სამსახურს? ასრულებთ იმას, რაც ღმერთმა მოგანდოთ?
o როდესაც თქვენს პირად ცხოვრებას აფასებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, თუ არსებობს ნაკლებად ძლიერი მხარეები?
o რისი თქმა შეგიძლიათ თქვენს მეგობრებზე და მათთან ურთიერთობაზე?
o აქცევთ თუ არა ყურადღებას თქვენს ჯანმრთელობას?
o როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა? ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ბევრი ფული უნდა გქონდეთ, ეს კითხვა გულისხმობს, ისწავლეთ თუ არა თუნდაც ფულის უკეთ განაწილება და ბიუჯეტის დაგეგმარება, წინა წელთან შედარებით?
o როგორ მდგომარეობაშია ის, რაც თქვენს საკუთრებაშია? ზრუნავთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგცათ?
დროდადრო გადახედეთ ამ 10 კითხვას და ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ართმევთ თავს და რა არის ის ერთი რამ, რის შეცვლასაც მომდევნო 30 დღის განმავლობაში ეცდებით… ცვლილებებს სიმამაცე და გამბედაობა სჭირდება, იპოვე საჭირო ძალა უფლის სიტყვაში და იმოქმედე რწმენით. დაიწყეთ დღესვე!