ზოგჯერ არის მომენტები, როცა ადამიანთა გარემოცვაშიც კი საოცრად მარტო გრძნობ თავს. როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის, რომ შენსა და დანარჩენ სამყაროს შორის უხილავი, ყრუ კედელია აღმართული და შენი ტკივილის ხმა ისე იფანტება ჰაერში, რომ ადამიანებამდე ვერც კი აღწევს, მათ შორის, ყველაზე ახლო მყოფებამდეც კი. გახსოვდეს, რომ მარტოობა შინაგანი განცდა უფროა, ვიდრე ფიზიკური და მის ნეგატიურ გავლენაზე გამარჯვება ღმერთის ძალით და მის სიტყვაზე ჩაჭიდებით შეგიძლია, რადგან უფალი ამბობს, რომ მას აინტერესებს ჩვენი ტკივილი, მზად არის მოგვისმინოს და დაგვიხსნას ჩვენი სიმარტოვისგან. თუ თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობ აიღე ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან უფალი შენთანაა, მარტო არა ხარ!
გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოსული ვარ და ბედუკუღმართი..
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.
თუნდაც მიმატოვოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე.
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ.