პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, 2020 წლის 13 ოქტომბერს, 13 წლის პაკისტანელი კათოლიკე ქრისტიანი გოგონა, არზუ რაჯა 45 წლის მუსლიმანმა მამაკაცმა მოიტაცა.
კარაჩის პოლიცია არ რეაგირებს გოგონას მოტაცებასა და ისლამზე მის ძალადობრივ მოქცევასთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მოძალადე მამაკაცის ორი ძმა პოლიციელია.
მოძალადე ალი აზარია, რომელიც გოგონას კათოლიკე ოჯახის მეზობლად ცხოვრობს. არზუს ოჯახმა იმ დღესვე მიმართა პოლიციას. გოგონას მამა, რაჯა ლალი აცხადებს: „არზუ რომ ვერ ვიპოვეთ, პოლიციაში წავედით და გატაცების შესახებ განვაცხადეთ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში.“
მისივე განცხადებით, 15 ოქტომბერს ისინი პოლიციაში დაიბარეს და უჩვენეს დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ არზუ 18 წლის იყო და ნებაყოფლობით მიიღო ისლამი ალი აზართან ქორწინების შემდეგ.
პოლიციას არც უცდია დამნაშავის დაკავება. პირიქით, ნაციონალური მონაცემთა ბაზა და სარეგისტრაციო ორგანო (NADRA) დაადანაშაულა, რადგან მონაცემთა ბაზაში წერია, რომ არზუ 13 წლისაა და დაბადებულია 2007 წლის 31 ივლისს.
პაკისტანის კანონების მიხედვით, 16 წელზე უმცროს გოგონასთან სქესობრივი კავშირი ძალადობის გარეშე ჩადენილ გარყვნილ ქმედებად მიიჩნევა, რაც სიკვდილით ან სულ მცირე, ათი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გაზალა შაფიქი, კარაჩიში მცხოვრები სოციალური აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, აცხადებს: „ბრალდებულის ორი ძმა პოლიციელია. ისინი საკუთარ გავლენას იყენებენ თავიანთი ძმის დასაცავად.“
შაფიქის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა კარაჩიში მცირეწლოვანი ქრისტიანი გოგონას ძალადობრივი გზით ისლამზე მოქცევისა. 2019 წლის ოქტომბერში 14 წლის ჰუმა იუნასი მოიტაცეს და ძალით მოაქციეს ისლამზე.
P.S. არზუ მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რაც მრავალ მუსლიმანურ თემში ხდება. გთხოვთ, ილოცოთ დევნილი ქრისტიანებისთვის, მათთვის, ვისაც არ აქვს ხმის უფლება, რწმენის თავისუფლება, მათთვის, ვისაც ავიწროებენ და დევნიან საკუთარ რელიგიურ შეხედულებათა გამო. ისინი ჩვენ გვერდით არსებობენ, არც ისე შორს…