27 იანვარს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 77 წელი გავიდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის გადაწყვეტილებით, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა.
ამ დღის აღსანიშნავად, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის დიპლომატიური მისიები მთელ მსოფლიოში უერთდებიან მსოფლიოს ებრაული კონგრესის მემორიალურ კამპანიას და ანათებენ შენობებს წარწერით: „ჩვენ გვახსოვს“.
დღეს ისრაელის ელჩი რან გიდორი დაესწრო საქართველოს განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დღევანდელი დღის ტრაგიკულ თემაზე შექმნეს ორიგინალური ნახატები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოიფინა.
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.“ – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ სიტყვა „ჰოლოკოსტი“ სრულიად დაწვას ნიშნავს და 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელებისა და სხვა უმცირესობების გენოციდის აღსანიშნავად დამკვიდრდა. ჰოლოკოსტს 6 მლნ-ზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა.