ავღანელი ქრისტიანებისთვის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თალიბებმა დაამყარეს კონტროლი. ქაბულში, ერთ-ერთი ქრისტიანის, ჯაიუდინის, რომლის ნამდვილი სახელიც უცნობია, ოჯახის 12-მდე წევრი ყოველ დღეს ლოცვაში ატარებს. ისინი მორიგეობით ლოცულობენ და თალიბების თავდასხმის მოლოდინში ათევენ ღამეს.
„ყოველდღე მირეკავს დაფარული ნომერი, რომელიც თალიბ ჯარისკაცს ეკუთვნის, და მემუქრება, რომ თუ კიდევ ერთხელ დამინახავს სადმე, თავს მომაჭრის.“ – ამბობს ჯაიუდინი.
ავღანელი ქრისტიანების თქმით, მათ არ გააჩნიათ პასპორტები ან ამერიკის მთავრობის მიერ გამოცემული დოკუმენტი ქვეყნიდან გასვლის ნებართვისა. დროის გასვლასთან ერთად მათი ავღანეთიდან გაღწევა უფრო და უფრო რთულდება.
„ჩვენ ძალიან ბევრი სამახარობლო გეგმა გვქონდა. გვსურდა, გვექადაგა სახარება ჩვენს სხვა და-ძმებთან ერთად, თუმცა ‘თალიბანი’ ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა და ყველაფერზე კონტროლი დაამყარა.“ – აცხადებს სარა, ერთ-ერთი ავღანელი ქრისტიანი.
ჯაიუდინი და სხვა ქრისტიანები მოუწოდებენ მსოფლიოს მოსახლეობას, რომ ილოცონ მათი ქვეყნისთვის.
„ჩვენ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის, ვლოცულობთ, რომ უფალმა გამოგზავნოს თავისი ანგელოზები ჩვენს დასაცავად. ვლოცულობთ, რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში.“ – აცხადებს ჯაიუდინი.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია Open Doors-ის ინფორმაციის თანახმად, ავღანეთი მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე საშიში ქვეყანაა ქრისტიანებისთვის და მანამდეც ასე იყო, ვიდრე თალიბები მოიპოვებდნენ ქვეყანაში კონტროლს.