უისკონსინის ფონდმა „თავისუფლება რელიგიისგან“ (FFRF) გაზეთ “New York Times”-ში სკანდალური რეკლამა განათავსა.
„გიხაროდენ! უფლებათა დეკლარაცია იშვა!” – ამ შინაარსის რეკლამა ცნობილი გაზეთის ოთხშაბათის გამოცემაში გამოვიდა და მიძღვნილი იყო აშშ-ს უფლებათა დეკლარაციის იუბილესადმი, რომელიც 230 წლის წინ, 1791 წლის 15 დეკემბერს შევიდა ძალაში.
რეკლამა გვთავაზობს ტრადიციული საშობაო სცენის სრულად შეცვლილ ილუსტრაციას, სადაც ყველა შობის სიმბოლო ჩანაცვლებულია სხვა სიმბოლოებით. კერძოდ, რეკლამაზე გამოსახულია აშშ-ს უფლებათა დეკლარაცია, რომელიც მოთავსებულია ბაგაში, ქრისტეს ნაცვლად. მარიამი, იოსები და სამი მოგვი კი ჩანაცვლებულია ამერიკის 3 დამფუძნებელი მამისა და თავისუფლების ქანდაკებით. ილუსტრაციის შემქმნელი ჯეიკობ ფორტინი გახლავთ.
„მართლმსაჯულების სასწორი საგანგაშოდ გადაიხარა ჩვენს ქვეყანაში რელიგიის პრივილიგირებული სტატუსის მხარეს. ქრისტიანული ნაციონალისტური ძალების მიერ უზენაესი სასამართლოს დაპყრობა დასრულებულია. ჩვენი უმაღლესი სასამართლოს მესამედი და ჩვენი ფედერალური სასამართლო სისტემის თითქმის მესამედი დანიშნულია ტრამპის მიერ, და მათი გავლენა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხის ქვეშ აყენებენ რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის ძვირფას ამერიკულ პრინციპს. ყველა პირადი და სამოქალაქო უფლებები, აბორტის უფლების ჩათვლით, საფრთხის ქვეშ იმყოფება. “ – ნათქვამია სარეკლამო განცხადებაში.
ფონდის პრეს-რელიზის მიხედვით, მისი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეკლამა სტიმულს მისცემს ხალხს, მოუწოდონ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისკენ.
ფონდი „თავისუფლება რელიგიისგან“ 1978 წელს დაარსდა უისკონსინის შტატის ქალაქ მადისონში. ფონდს აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მაშტაბით და ყავს 30 000-ზე მეტი წევრი, რომელთა შორის არიან ათეისტები, აგნოსტიკები და რელიგიური სკეპტიკოსები.