6 იანვარს აშშ-ის კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა. მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაზიანდა სამი მოქალაქე. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონსერვატორმა ევანგელისტმა მხარდამჭერებმა დაგმეს ოთხშაბათს, 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ძალადობა. ისინი აცხადებენ: „ეს სახიფათოა ჩვენი რესპუბლიკისათვის“.
პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ იმ დროს, როდესაც კანონმდებლებს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უნდა დაეთვალათ საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები, რასაც მოჰყვებოდა დემოკრატი ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების გამყარება.
დღის პირველ ნახევარში ათასობით მხარდამჭერმა, რომელთა შორისაც იყო პრეზიდენტის ზოგიერთი ევანგელისტი მომხრე, გამართა დემონსტრაცია. შუადღისას ტრამპის ასეულობით მხარდამჭერმა გაარღვია კაპიტოლიუმთან განთავსებული ბარიკადები და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. აშშ-ის დედაქალაქში მომხდარი ძალადობის გამო, ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბაუზერმა ჯერ 12-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.
ნაშუადღევს, 4:17 წთ-ზე პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თავის მომხრეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა მაინც განაგრძო საუბარი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპის განცხადებები და თქვა, რომ სანამ ისინი არ წაიშლება, პრეზიდენტის ანგარიში დაბლოკილი იქნება.
სენატმა მუშაობა საღამოს რვა საათზე განაახლა. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და სენატის უმრავლეობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა დაგმეს წესრიგის დამრღვევთა ქმედებები.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი ჯგუფი კონსერვატორი ევანგელისტები არიან, ბევრმა ცნობილმა ევანგელისტმა ლიდერმა სოციალური მედიის საშუალებით გამოხატა უკმაყოფილება და შეშფოთება ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით.
ფრანკლინ გრემი: „ღრმად დამწუხრებული ვარ იმის გამო, რაც დღეს მოხდა ჩვენი ერის დედაქალაქში. ჩვენი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაშია. ღმერთის კურნება და დახმარება გვჭირდება. ილოცეთ ჩვენი ერის მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ერთად დავდგეთ მუხლებზე.“
მაქს ლუკადო: „დიდად შეშფოთებული ვარ დღევანდელი ქაოსით ვაშინგტონში. ვუერთდები ყველას, ვინც ლოცულობს მშვიდობისა და წესრიგის დაბრუნებისთვის.“
რიკ უორენი: „კაპიტოლიუმის დაცვის იარაღით გარღვევა ანარქიაა. ეს არაამერიკულია, დანაშაულებრივი ღალატი და შიდა ტერორიზმია. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ უნდა უთხრას თავის მხარდამჭერებს: ‘წავაგეთ. სახლში წადით.’“