აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჰაიტიზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ქვეყანა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებმა საწვავის დეფიციტი და მზარდი ძალადობა გამოიწვია.
ამის შესახებ გაფრთხილება გასულ პარასკევს გაავრცელა პორტო-ო-პრინსში მდებარე აშშ-ის საელჩომ. პარალელურად ჰაიტის კომერციულმა ბანკებმა და სხვა ბიზნესდაწესებულებებმა გამოაცხადეს, რომ სამუშაო საათებს შეამცირებდნენ ახალი კვირიდან, სასურსათო მაღაზიების მეპატრონეებმა გააფრთხილეს მოსახლეობა საკვების მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ, ხოლო „გაერთიანებულმა ერებმა“ თავის თანამშრომლებს წყლის, საკვების და სხვა აუცილებელი, პირველადი მოხმარების ნივთების მომარაგებისკენ მოუწოდეს.
აშშ-ის მთავრობა ასევე იძლევა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების საელჩომ, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დახმარება, თუ კომერციული ფრენები გაუქმდება.
პორტ-ო-პრინსის ევანგელისტური თეოლოგიური სემინარია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემინარიის კოორდინატორი, ხუცესი სტანის სტიფინსონი, გასულ შაბათს სახლში ბრუნდებოდა ოჯახთან ერთად, როდესაც მათ ავტომობილს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. ხუცესის უმცროსი შვილი გარდაიცვალა, ხოლო თავად სტანისი და მისი უფროსი ვაჟი დაჭრეს.
აღნიშნულ თავდასხმამდე სამი კვირით ადრე, ადგილობრივმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ გაიტაცა ამერიკის მოქალაქე 16 მისიონერი, კანადის ერთი მოქალაქე და ერთი ადგილობრივი მძღოლი, რომელიც ქრისტიანული მსახურებისთვის მუშაობს.