ჯონ პაუელი, 38 წლის ხუცესი ტეხასის შტატიდან, ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას ცდილობდა, როდესაც სატვირთო მანქანამ დაარტყა. ხუცესი ადგილზევე გარდაიცვალა.
ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შემდეგაც ერთს ცეცხლი გაუჩნდა. პაუელმა სწორედ ამ დროს ჩაიარა შემთხვევის ადგილზე და გაჩერდა დაზარალებულთა დასახმარებლად. ახალგაზრდა ხუცესმა ერთ-ერთ დაზარალებულს ხელი ჰკრა და გზიდან გადააგდო, რომ გადაერჩინა, თავად კი სატვირთო მანქანამ იმსხვერპლა.
ჯონ პაუელი გახლდათ ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ქალაქ ნიუ კეინის ბაპტისტური ეკლესიის (Emmanuel Baptist Church) ხუცესი. მას მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახისთვის უკვე შეგროვდა 124,000 დოლარი.
ენდრიუ უოკერმა, რომელმაც პაუელის ოჯახისათვის თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო, თქვა: „ამ ღვთისმსახურმა და შესანიშნავმა ლიდერმა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობდით და გვიყვარდა, სიცოცხლე გაიღო სხვა ადამიანის გადასარჩენად.“
მახარებელი ფრანკლინ გრემი თავისი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს მომხდარის შესახებ და ქრისტიანებს მოუწოდებს, ილოცონ ჯონ პაუელის ოჯახისათვის, რათა უფალმა ანუგეშოს ამ რთულ დროს და ასევე ილოცონ ეკლესიისათვის, რომლის წინამძღვარიც გახლდათ ჯონი.