ახალი, ქრისტიანული სოციალური მედიაპლატფორმის ამოქმედება 2022 წლისათვის იგეგმება. მასზე მხოლოდ ქრისტიანული შინაარსის მასალა მოიყრის თავს და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქრისტიანებისთვის.
პლატფორმა, რომელსაც ეწოდება FaithMeet, შექმნა გოდვინ როუზ სემიუელმა. საინფორმაციო სააგენტო The Christian Post-ისათვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ფეისბუკის“, „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ მსგავს პლატფორმებზე არ არის განთავსებული საკმარისი რაოდენობის ქრისტიანული მასალები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ქრისტიანებს საჭირო მასალებით მოამარაგებდა.
„სხვა აპლიკაციებში ქრისტიანები იძულებულნი არიან, დიდი დრო დახარჯონ იმაში, რომ არაქრისტიანული და საერო შინაარსის მასალებს შორის ქრისტიანულს მიაგნონ.“ – ამბობს გოდვინ სემიუელი.
მისივე თქმით, ახალი პლატფორმა მორწმუნეებს დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება ღმერთზე. გოდვინი ასევე იმედოვნებს, რომ აღნიშნული პლატფორმა არაქრისტიანებს უკეთ გააცნობს ქრისტიანობას.
„ჩვენ ვქმნით ‘ფეისბუკის’, ‘იუთუბის’ და ‘ინსტაგრამის’ ერთგვარ გაერთიანებას, რადგან გვექნება ტექსტებიც, ვიდეოებიც და სურათებიც. ამრიგად, მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვა აპლიკაციებზე გადასვლა. ყველაფერი ერთ ადგილზე იქნება თავმოყრილი.“ – ამბობს გოდვინ სემიუელი.
ახალ პლატფორმას მიმოწერის ფუნქციაც ექნება, სადაც მორწმუნეები შეძლებენ ერთმანეთის გამხნევებას და ღვთის სიტყვაზე საუბარს. FaithMeet-ს ექნება საკუთარი წესები, სტანდარტები და მასზე განთავსებული ყველა მასალა გაკონტროლდება ადმინისტრაციის მიერ.